სადოქტორო დისერტაციის დაცვა CERN-ის ექსპერტების მონაწილეობით

სადოქტორო დისერტაციის დაცვა CERN-ის ექსპერტების მონაწილეობით

08-12-2016 სადოქტორო დისერტაციის დაცვა CERN-ის ექსპერტების მონაწილეობით
3 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დოქტორანტ ნიკა ცუცქირიძის სადოქტორო ნაშრომის დაცვა გაიმართა (ხელმძღვანელი - პროფ. ალექსანდრე შარმაზანაშვილი).

სადისერტაციო ნაშრომი „ATLAS-ის დეტექტორის გეომეტრიული აღწერის დამუშავება სიმულაციისა და რეკონსტრუქციის პროგრამული პაკეტებისთვის“ CERN-ის თემატიკაზე შესრულდა და მასზე მუშაობის პროცესში ქართველი დოქტორანტი 2-ჯერ იმყოფებოდა სამეცნიერო სტაჟირებაზე შვეიცარიის ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN), შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით.

სტუ-ში სადისერტაციო ნაშრომის  დაცვას სადისერტაციო საბჭოს წევრებთან ერთად, რომელთა შორის იყო ნაშრომის რეცენზენტი პროფ. დარიო ბარბერისი ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციიდან, ასევე, სპეციალური სტუმრის სტატუსით მონაწილეობდნენ CERN ორგანიზაციის ექსპერტები, დოქტორები სუსან კათერალი და ედუარდო მარტელი.

ნიკა ცუცქირიძის დისერტაციამ  მაღალი შეფასებები დაიმსახურა როგორც საბჭოს წევრების, ასევე, მოწვეული სტუმრების მიერ და საბჭოს გადაწყვეტილებით, ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტს დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.

 

სიახლეებში დაბრუნება