ფაკულტატური ლექციების ინტენსიური ინგლისურენოვანი კურსები მათემატიკაში

10-11-2016
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მონაწილეობს მრავალ საგანმანათლებლო პროფილის საერთაშორისო გრანტებში. ამ პროექტებით გათვალისწინებულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტების 3-4 თვიანი სტაჟირება მსოფლიოს წამყვან  უნივერსიტეტებში. სტაჟირება სრულად ფინანსდება გრანტების თანხებიდან. სტაჟირების ხარჯები მოიცავს საერთაშორისო მგზავრობას, სამედიცინო დაზღვევის პაკეტს, სავიზო გადასახადებს, ყოველთვიურ სტიპენდიას (დაახლოებით 1200-1400 ევრო თვეში).  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მრავალმა სტუდენტმა უკვე ისარგებლა აღნიშნული პროექტებით. (სრული ინფორმაცია მოქმედი გრანტების შესახებ შეგიძლიათ მოიძიოთ სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში, ხელმძღვანელი - პროფ. ო.ზუმბურიძე).

აღნიშნული გრანტების საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოების გადაწყვეტილებით ამ პროექტებში საინჟინრო სპეციალობის სტუდენტთა შერჩევის ერთ-ერთ ძირითად კრიტერიუმს წარმოადგენს მათემატიკის ცოდნის დონე, ცხადია, ინგლისური ენის გარკვეულ დონეზე ცოდნასთან ერთად.

პროექტის განხორციელებაში არსებით სირთულეს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ძალიან ჭირს სტაჟირებისათვის შესაბამისი პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების მქონე სტუდენტების შერჩევა, რომელთაც შეეძლებათ უცხოეთის მოწინავე უნივერსიტეტებში ინგლისურად ლექციების მოსმენა და სწავლა.

ენობრივ ბარიერთან და შესაბამის საგნობრივ უცხოენოვან ტერმინოლოგიასთან დაკავშირებული სირთულეები ყოველთვის იჩენს თავს ანალოგიური პროექტების განხორციელების საქმეში როგორც მიმდინარე ეტაპზე, ისე მომავალში. ზემოაღნიშნული სირთულეებიდან გამომდინარე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ მიმდინარე სასწავლო წელს დაინტერესებული წარმატებული სტუდენტებისათვის ჩატარდეს ფაკულტატური ლექციების ინტენსიური კურსები მათემატიკაში ინგლისურ ენაზე. ლექციების ჩატარებას ფინანსურად სრულად უზრუნველყოფს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

ლექციების კურსები აგებული იქნება მათემატიკის იმ საბაკალავრო და სამაგისტრო კურსების ბაზაზე, რაც ფიგურირებს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების STEM-ის (და აგრეთვე ABET-ის) პრინციპების გათვალისწინებით შედგენილ საინჟინრო კურიკულუმებში.

ინგლისურენოვანი მათემატიკის ფაკულტატური ლექციების მოსმენა შეუძლიათ სტუ-ს ყველა ფაკულტეტის სამივე საფეხურის ნებისმიერი კურსის დაინტერესებულ და წარმატებულ სტუდენტებს, რომელთათვისაც შეიქმნება სპეციალური ჯგუფები. ამ ჯგუფების აკადემიურ მუშაობას ორგანიზაციულად წარმართავს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი, ხოლო ინგლისურენოვანი მათემატიკის ლექციების ჩატარებას უზრუნველყოფს ამავე ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტი (ხელმძღვანელი - პროფ. დავით ნატროშვილი).

ამგვარი სპეციფიკური სალექციო კურსები არსებითად აამაღლებს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების უცხო ენაზე სწავლის უნარ-ჩვევებს და ხელს შეუწყობს სტუდენტების მზაობას უცხოეთის უნივერსიტეტებში სტაჟირებისათვის.

დაინტერესებულ სტუდენტებს დეტალური ინფორმაციისათვის შეუძლიათ დაუკავშირდნენ შემდეგ მისამართზე:
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, 
მეექვსე კორპუსი, მეშვიდე სართული, ოთახი 709ა
ტელეფონები: 599 19 51 71, 571 89 01 89, 551 41 24 61

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები