სტუ-ს პროფესორის წარმატება კერამიკოსთა მეექვსე მსოფლიო კონგრესი

15-09-2016
21-25 აგვისტოს ქ. დრეზდენში (გერმანია) კერამიკოსთა მეექვსე მსოფლიო კონგრესი გაიმართა, სადაც წარმატებით მიიღო მონაწილეობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური და ბიიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორმა ზვიად კოვზირიძემ. ის, ამავე დროს, აღნიშნული კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი იყო. კონგრესში მონაწილეობას 47 ქვეყანა იღებდა.

სტუ-ს პროფესორმა, რომელიც, ამავდროულად, კერამიკოსთა მსოფლიო ფედერაციისა (კსფ) და ევროპის კერამიკოსთა საზოგადოების (ეკს) საბჭოების წევრი, საქართველოს კერამიკოსთა საზოგადოების დამფუძნებელი და პრეზიდენტია, პრეზენტაცია გააკეთა მართვადი ლოკალური ჰიპერთერმიის მეთოდით სწორი ნაწლავისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სიმსივნური დაავადებების სამკურნალო აპარატის შესახებ და მისმა პრეზენტაციამ პირველი ადგილი აიღო.

აპარატურა შეიქმნა ტექნიკური უნივერსიტეტის დაფინანსებით სტუ-ს ბიონანოკერამიკული და ნანოკომპოზიტების მასალათმცოდნეობის ცენტრში, რომლის ხელმძღვანელია პროფ. ზ. კოვზირიძე. მასთან ერთად ჯგუფში მუშაობენ ექიმი-ონკოლოგები კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტიდან, ფიზიკოსები, ელექტრონიკის დარგის წარმომადგენლები, იმუნოლოგები.

სამუშაოს შედეგები გამოქვეყნებულია აშშ-ის, იაპონიისა და ევროპის იმპაქტ ფაქტორის მქონე ჟურნალებში და მიღებული აქვს მაღალი დონის გამოხმაურებები აშშ-ს ჟურნალების უდიდესი მრავალდარგობრივი გაერთიანებიდან (200 ჟურნალი) - „სამეცნიერო-კვლევითი გამომცემლობა“.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები