პრეზენტაცია - წიგნი „ნედელეულის ეკონომიკა“

27-06-2016  27 ივნ პრეზენტაცია - წიგნი „ნედელეულის ეკონომიკა“
21 ივნისს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ  ბიბლიოთეკაში ჩატარდა წიგნის „ნედელეულის  ეკონომიკის“ (ნედლეულის როლი გლობალიზაციის სამყაროში)  პრეზენტაცია. წიგნის ერთ-ერთი თანაავტორია სტუ-ს პროფესორი თ. ბერბერაშვილი, ა. თვალჭრელიძესთან (კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი) და მ. ოთარაშვილთან  (კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი) ერთად.

ეს ერთობლივი ნაშრომი აღნიშნულ თემაზე ქართულად დაწერილი პირველი წიგნია, რომელიც წარმოადგენს მონოგრაფიულ კვლევას ნედლეულის მსოფლიო ბაზრების, რესურსების, წარმოების, გადამუშავების სქემების, მოხმარების, ექსპორტისა და იმპორტის, სტრატეგიული რეზერვების მიმართულებით. მასში განხილულია მსოფლიოს უმსხვილესი მომპოვებელი კომპანიები, ნედლეულის მსოფლიო ნაკადები, ინფრასტრუქტურა (მილსადენები, ტანკერული და სხვ. ფლოტი, პორტები, და სხვ.), ფასწარმოქმნა, აგრეთვე, ნედლეულის გავლენა გეოეკონომიკასა და გეოპოლიტიკაზე. შემუშავებულია ეკონომიკური ანალიზის მეთოდიკა და შექმნილია მსოფლიოს, ნედლეულის მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყნების რეგრესიული მოდელები, სადაც მშპ აღწერილია ნედლეულის ტერმინებში. კვლევაში, ასევე, განხილულია მსოფლიო სანედლეულო ბაზრებში საქართველოს ჩართვის შესაძლებლობა და შემოთავაზებულია მდგრადი სანედლეულო პოლიტიკა. 

წიგნი მულტიდისციპლინარულია და იგი საინტერესო იქნება ფართო საზოგადოებისთვის, მათ შორის გეოლოგებისთვის, მინერალოგებისთვის, საბადოთა სპეციალისტებისთვის, ნედლეულის ანალიტიკოსებისთვის, საერთაშორისო და მაკროეკონომისტებისთვის, საერთაშორისო ეკონომიკისა და პოლიტიკის ექსპერტებისთვის, ამ დარგის სტუდენტებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის, აგრეთვე, მათთვის, ვისაც საერთაშორისო ბირჟებზე ინვესტიციების განხორციელება სურს.

წიგნი გამოიცა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები