"შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო წლის საუკეთესო მეცნიერისა და მეცნიერთა ჯგუფისთვის"

14-06-2016
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს კონკურსს "შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო წლის საუკეთესო მეცნიერისა და მეცნიერთა ჯგუფისთვის".

კონკურსის მიზანია საქართველოს და საერთაშორისო მკვლევართა წახალისება მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში აქტიური და ნაყოფიერი  მოღვაწეობისა და ჩართულობის მიზნით, აგრეთვე, გაწეული განსაკუთრებული მიღწევებისა დაფასებისათვის, საქართველოს მეცნიერებისა და საქართველოს შესახებ კვლევების წახალისებისა და პოპულარიზაციისათვის.

ჯილდო მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში განსაკუთრებული მიღწევებისა და წვლილისათვის გაიცემა ერთჯერადად, კონკურსის წესით.

კონკურსი ითვალისწინებს ერთჯერადი ჯილდოთი მეცნიერის/კვლევითი ჯგუფის დაჯილდოებას.

2016  წლის კონკურსში ფონდის ჯილდო გაიცემა შემდეგ კატეგორიებში:

ა) ქართველოლოგიის დარგში მოღვაწე წლის საუკეთესო  უცხოელი მეცნიერი (პრიორიტეტი ენიჭება რუსთველოლოგიას);

ბ) 2016 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერი;

გ) 2016 წლის საუკეთესო მეცნიერი;

დ) 2016 წლის საუკეთესო სამეცნიერო კვლევითი ჯგუფი.

კატეგორიების შესაბამისად ჯილდოს მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:

ა)  ქართველოლოგიის დარგში მოღვაწე 2016 წლის საუკეთესო უცხოელი მეცნიერის ჯილდოს მოსაპოვებლად საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში, კერძოდ, ქართველოლოგიის დარგში მოღვაწე, უცხო ქვეყნის მოქალაქე, დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე მკვლევარს.

ბ) 2016 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერის ჯილდოს მოსაპოვებლად დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე, საქართველოს მოქალაქე სამეცნიერო სფეროში აქტიურად მოღვაწე ახალგაზრდა მკვლევარს, რომელსაც სააკონკურსო  დოკუმენტაციის მიღების დასრულებამდე შეუსრულდა არაუმეტეს 35 წელი;

გ) 2016 წლის საუკეთესო მეცნიერის  ჯილდოს მოსაპოვებლად დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე, საქართველოს მოქალაქე სამეცნიერო სფეროში აქტიურად მოღვაწე მკვლევარს;

დ) 2016 წლის საუკეთესო სამეცნიერო კვლევით ჯგუფის ჯილდოს მოსაპოვებლად სამეცნიერო საქმიანობაში აქტიურად მოღვაწე არანაკლებ 3 (სამი) საქართველოს მოქალაქე, მკვლევრისგან შემდგარ სამეცნიერო - კვლევით ჯგუფს. ჯგუფში შესაძლებელია ჩართული იყოს მაგისტრანტ(ებ)ი და დოქტორანტ(ებ)ი, ასევე უცხოელი მეცნიერ(ებ)ი.

საკონკურსო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. საკონკურსო დოკუმენტაციის ინგლისურენოვანი ფორმები ივსება მხოლოდ ქართველოლოგიის დარგში მოღვაწე 2016 წლის საუკეთესო უცხოელი მეცნიერის კატეგორიაში წარდგენილი კანდიდატის მიერ.

საკონკურსო დოკუმენტების წარდგენა კონკურსის ელ. ფოსტის საშუალებით შესაძლებელია არაუგვიანეს 2016 წლის 5 აგვისტოსი (18:00 სთ).

კონკურსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

საკონტაქტო პირი:
მაკა ქაჯაია, პროგრამის კოორდინატორი
ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 44 09)

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები