სკოლის მოსწავლეთა სემინარი-პრეზენტაცია

02-06-2016
31 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტში ჩატარდა სემინარი-პრეზენტაცია, სადაც სკოლების - “წმინდა ალექსი შუშანიას” სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზია (სენაკი) და "ღონე ქვეყნისა" (ქუთაისის კერძო დაწყებითი სკოლა) - მოსწავლეებმა წარადგინეს საკუთარი პროექტები გამოყენებით ოპტიკაში, ელექტროობასა და მაგნეტიზმში, აგრეთვე წარმოადგინეს მათ მიერ შექმნილი სხვადასხვა სახის  საგანმანათლებლო  რობოტოტექნიკა და მოახდინეს მისი პროგრამირება.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ქალბატონი ლია გიგაური და სამინისტროს საბუნებისმეტყველო ჯგუფის ექსპერტები, ასევე, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი, სტუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პროფესორ-მასწავლებლები.

საგულისხმოა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ზემოაღნიშნულ სკოლებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ტექნიკური უნივერიტეტის პროფესორი, ვირტუალური მოდელირების ცენტრის ხელმძღვანელი დავით სონღულაშვილი სასწავლო წლის განმავლობაში სენაკისა და ქუთაისის აღნიშნულ სკოლებში ატარებდა ე.წ. STEM საინჟინრო, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამებზე დაფუძნებულ კურსებს, რომელიც ითვალისწინებდა ფიზიკის,  საინჟინრო ტექნოლოგიების, პროგრამირებისა და მათემატიკის შესწავლას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და მათ მაგალითზე.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები