სტუ-ს საერთაშორისო მნიშვნელობის კვლევითი დაწესებულების რეაბილიტაციის პროცესი

22-05-2016
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე გაეცნო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის ახალი შენობის რეაბილიტაციის პროცესს. სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დაიწყო და უკვე დასასრულს უახლოვდება. რამდენიმე თვეში თანამედროვე სტანდარტების სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი და ბირთვული ინჟინერიის ცენტრი განთავსდება, რომელიც  ინფორმაციული ტექნოლოგიის მიმართულებით იმუშავებს და აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნიკით.

ინსტიტუტის არსებული  შენობა წლების წინ წინა ხე­ლი­სუფლებამ გაასხვისა და გა­მოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი შენობის გარეშე დატოვა. რამდენიმე წლის განმავლობაში მეცნიერები სხვადასხვა უნივერსიტეტებში ახორციელებდნენ კვლევებს და პარალელურად, აგრძელებდნენ ბრძოლას შენობის დასაბრუნებლად.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ძალისხმევით, ინსტიტუტს ახალი ტერიტორია და შენობა გადაეცა, ასევე გამოიყო სოლიდური დაფინანსება ევროპული სტანდარტის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად.

ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის რეაბილიტაცია და აღჭურვა იმ მასშტაბური პროექტის ნაწილია, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მეცნიერების განვითარების მიმართულებით ახორციელებს, შედეგად კი - პირველად საქართველოში, კვლევებისა და სწავლების ერთიანი სისტემა ამოქმედდება, შესაბამისი ინტელექტუალური და ინფრასტრუქტურული რესურსებით, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში თანასწორუფლებიან წევრად ინტეგრაციას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი CERN-თან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მოაწყობს თანამედროვე კომპიუტერულ სისტემას Grid Cluster-ს, რომლის რესურსები გამოყენებული იქნება, როგორც ადგილობრივი ამოცანების გადასაწყვეტად, ასევე CERN-ის მიერ, როგორც მისი სისტემის შემადგენელი ნაწილი. საქართველოს შემდგომ ეკო­­ნო­მი­კუ­რ და სოციალურ გან­ვი­თა­რებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს Grid და Cloud-ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის გამოყენებით შესრულებული მაღალი დონის სამუშაოები.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები