საერთაშორისო ფორუმი

22-09-2010
საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო ფორუმი
 
20-21 სექტემბერს, სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში“, მეცნიერების კვირეულის ფარგლებში ჩატარდა საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო ფორუმი. ფორუმის ორგანიზატორები იყვნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მეცნიერთა ფორუმის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მეცნიერთა გამოცდილების გაზიარება და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების დასახვა. პლენარულ სესიებში მონაწილეობის მისაღებად თბილისს უცხოეთში მოღვაწე 20 ქართველი მეცნიერი ეწვია.
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ორდღიან პლენარულ სესიას დაესწრნენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, მათ შორის იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი.
სხდომების პარალელურად მოეწყო პოსტერების სესია, რომელზეც წარმოდგენილი იყო საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების სამეცნიერო პოტენციალი, ინფორმაცია მიღწეული სამეცნიერო შედეგების, აკადემიური რესურსის შესახებ და სხვ.
პლენარული სესიის გარდა, მეცნიერების კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი იყო საჯარო ლექციები სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებშიც.
ფორუმზე მოხსენებით წარსდგნენ საზღვარგარეთ მოღვაწე ცნობილი  ქართველი მეცნიერები, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორები ოთარ მგალობლიშვილი, ლივერპულის ჯონ მურის სახელობის უნივერსიტეტის ზოგადი ინჟინერიის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, დიდი ბრიტანეთი, ქართლოს ყაჭიაშვილი, აბუ სალამის მათემატიკურ მეცნიერებათა სკოლა, პაკისტანი, ქ. ლაჰორი, ასევე, შოთა გუგუშვილი, ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკური დეპარტამენტის პოსტ-დოქტორანტი, ჰოლანდია.
მათ აღწერეს ზემოხსენებულ უნივერსიტეტებში მიმდინარე სასწავლო პროცესის თავისებურებები და სამეცნიერო სამუშაოები და განიხილეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩართვის შესაძლებლობები აღნიშნულ სასწავლო-სამეცნიერო პროცესებში.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები