სტუ-ს პროფესორების ღირსების ორდენით დაჯილდოება

16-04-2016
16 აპრილს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ამაგდარ პედაგოგსა და მეცნიერს, საინჟინრო მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს ლიანა სუთიძეს და ამავე უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის ბუნებრივი კატასტროფების განყოფილებისა და სამშენებლო ფაკულტეტის აგრომელიორაციის მიმართულების მოდულის ხელმძღვანელს, მეცნიერების დოქტორს, პროფესორს რობერტ დიაკონიძეს ღირსების ორდენები გადასცა.

ქალბატონი ლიანა ნახევარ საუკუნეზე მეტია წარმატებით მოღვაწეობს ბევრი ქალისთვის ძალზე რთულ სამეცნიერო სფეროში. იგი ერთადერთი ქალია, რომლის უშუალო მონაწილეობით, 55 წლის წინ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა სამშენებლო, საგზაო მანქანებისა და მოწყობილობების კათედრა. პროფ. სუთიძე 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა თუ სახელმძღვანელოს ავტორია, სპეციალურ საგნებში კითხულობდა ლექციების კურსს რეგიონებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი წვლილი ტექნიკური ტერმინოლოგიის პრობლემების კვლევასა და შესაბამისი განმარტებითი ლექსიკონის შექმნაში.

45 წელია  სტუ-ში მოღვაწეობს რობერტ დიაკონიძე. იგი ავტორია 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის,  მონაწილეობა აქვს მიღებული 14 სამეცნიერო-საგრანტო პროექტის დამუშავებაში, ამჟამად მუშაობს სამეცნიერო საგრანტო პროექტზე, რომელიც ეხება შავი ზღვის სანაპირო ზოლის მდგრადობასა და ზღვის წყლის ხარისხის შეფასებას. პროფ. დიაკონიძეს სამეცნიერო საგრანტო პროექტებზე (2010-2015 წწ.) მუშაობის პერიოდში ინსტიტუტის ბიუჯეტში დამატებით აქვს შეტანილი დაახლოებით ნახევარი მლნ. ლარი, რის საფუძველზეც მას დასაქმებული ჰყავდა 35 თანამშრომელი.

2015 წლის 13 ივნისს მდინარე ვერეზე მომხდარი სტიქიის დროს, პროფ. დიაკონიძე სხვა სპეციალისტებთან ერთად, უშუალოდ მონაწილეობდა სტიქიის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების დამუშავებაში და მიერ დადგენილი იქნა მდინარე ვერეს წყლის მაქსიმალური ხარჯის პროგნოზული სიდიდე. სწორედ აღნიშნული ჯგუფის მიერ შეთავაზებული რეკომენდაციების განხორციელება ჩათვალა მთავრობამ საჭიროდ. რობერტ დიაკონიძის ბუნებრივი სტიქიების საწინააღმდეგო 50-ზე მეტი პრევენციული ღონიძიების ავტორია.

ეს ტექნიკური უნივერსიტეტის ღირსეული მეცნიერების ნაღვაწის არასრული ჩამონათვალია. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ გამორჩეული სამეცნიერო-პედაგოგიური და აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის პროფ. ლიანა სუთიძეს  და პროფ. რობერტ დიაკონიძეს დიდი მადლობა გადაუხადა და ჯანმრთელობა და მომავალი წარმატებები უსურვა მათ.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები