სამეცნიერო ჟურნალ "ქართული პოლიტიკის" IV ნომრის პრეზენტაცია პარლამენტში

22-03-2016 სამეცნიერო ჟურნალ "ქართული პოლიტიკის" IV ნომრის პრეზენტაცია პარლამენტში
21 მარტს საქართველოს პარლამენტში გაიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალ „ქართული პოლიტიკის“ 2015 წლის მეოთხე ნომრის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს აგრარული პოლიტიკის აქტუალურ პრობლემებს მიეძღვნა. ჟურნალის გამომცემელია სტუ-ს ჟიული შარტავას სახელმწიფო პოლიტიკისა და მართვის სადოქტორო სკოლა.

პრეზენტაცია გახსნა და მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა. სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, პოლიტიკის მეცნიერებათა  აკადემიის პრეზიდენტი, სამეცნიერო ჟურნალის „ქართული პოლიტიკა“ მთავარი სარედაქციო საბჭოს  თავმჯდომარე, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გურამ ალექსიძე, საქართველოს პარლამენტის ფრაქციის „მრეწველები“ თავმჯდომარე, პოლიტიკის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი თოფაძე.

სამეცნიერო ჟურნალ "ქართული პოლიტიკის" IV ნომრის პრეზენტაცია პარლამენტში
გამომსვლელებმა დღეს საქართველოს აგრარულ სექტორში არსებულ სირთულეებსა და გამოწვევებზე, მათი დაძლევის გზებზე ისაუბრეს. დასასრულ, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ საპატიო სიგელები გადასცა ღვაწლმოსილ მეცნიერებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს აგრარული მეცნიერების განვითარებისა და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადების საქმეში. დაჯილდოებულთა შორის არიან: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე; საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, სოფლის მეურნეობის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი ოთარ ნათიშვილი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი.

ღონისძიება პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის, პოლიტიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის და სამეცნიერო ჟურნალ "ქართული პოლიტიკის" რედაქციის მიერ იყო ორგანიზებული. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები, სახელმწიფო მოხელეები, ცნობილი მეცნიერები, სტატიების ავტორები, საზოგადოებრიობისა და მასმედიის წარმომადგენელნი.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები