ეროვნული კიბეროლიმპიადა

18-03-2016
26 აპრილს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ეროვნული კიბეროლიმპიადა გაიმართება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფი CERT.GOV.GE, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად იწყებს ეროვნულ კიბეროლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღებას.

კიბეროლიმპიადის მიზანია კიბერუსაფრთხოების სფეროს განავითარების ხელშეწყობა და პუპულარიზაცია, ასევე, იმ ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა და წახალისება, რომლებიც ფლობენ შესაბამის ტექნიკურ ცოდნასა და კომპეტენციას.

კიბეროლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლია კიბერსაკითხებით დაინტერესებულ ყველა ახალგაზრდას, რომელსაც არ შესრულებია 25 წელი. ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა ჩამოაყალიბონ მაქსიმუმ 3 წევრისგან შემდგარი გუნდი და წარმოადგინონ შესაბამისი განაცხადი. შემოსული განაცხადების საფუძველზე სპეციალური ჟიურის მიერ შეირჩევა 50 გუნდი.

ეროვნულ კიბეროლიმპიადაზე დაისმება კიბერუსაფრთხოების გავრცელებული შეტევის ვექტორების ამოცანები, რომელთა გადაჭრაშიც ერთმანეთს გუნდებად დაყოფილი სტუდენტები შეეჯიბრებიან. ოლიმპიადის მონაწილეები სხვადასხვა კვლევითი და ლაბორატორიული სამუშაოს შედეგად გააანალიზებენ და გამოიკვლევენ 5 განსხვავებულ შემთხვევას და უპასუხებენ 50 შეკითხვას (თითოეული შემთხვევის ირგვლივ სხვადასხვა სირთულისა და  წონის 10 შეკითხვა), მიღებულ პასუხებზე დაყრდნობით კი დაითვლება საბოლოო სტატისტიკა.

კიბეროლიმპიადის მეშვეობით სტუდენტებს მიეცემათ  შესაძლებლობა, გაიღრმავონ ცოდნა ისეთ სფეროში, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება, ურთიერთშეჯიბრის პირობებში წარმოაჩინონ საკუთარი თავი და გაიღრმავონ გამოცდილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 6 აპრილი, 2016.

დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა კიბეროლიმპიადაზე რეგისტრაციისთვის უნდა გააგზავნონ გუნდის დასახელება, გუნდის წევრთა რეზიუმეები და საკონტაქტო ინფორმაცია ელ. ფოსტაზე: olimpiada@dea.gov.ge

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია:
ტელ.: 291 51 40;
ვებგვერდი: www.dea.gov.ge

ღონისძიების პარტნიორები არიან კომპანიები: „ინტელი“ (Intel), „მაიკროსოფტი“ (Microsoft), „ეიჩ პი“ (HP), „მაგთი“, „ორიენტ ლოჯიკი“, „იუ ჯი თი“ (UGT), „სოფტ ლაინი“, „აი ესეს პი“ (ISSP), „სისკო“ (Cisco), ასოციაცია „გრენა“, „ICT ბიზნეს საბჭო“.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები