კონკურსი არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე

28-01-2016
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (შემდგომში უნივერსიტეტი) აცხადებს ღია კონკურსს არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის ერთი ვაკანტურ თანამდებობის (წლიური 400 საათიანი დატვირთვით) დასაკავებლად, N8 საგანთა ჯგუფზე.

I. განცხადებების მიღების და კონკურსის ჩატარდების ვადები
კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (მათ შორის საგანთა ჯგუფის შესახებ და სხვ.) განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე: www.gtu.ge. 
განცხადებების მიღება იწარმოებს ფაკულტეტის დეკანატში ( მის: კოსტავას ქ. #68, I-c კორპუსი, ოთახი #402, ტ.: 233 71 63), გამოცხადე¬ბიდან ერთი თვის შემდეგ, 2016 წლის 29 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით ყოველ დღე, 1000-დან 1500 საათამდე.
65 წლისა და მეტი ასაკის მქონე პირის მიერ აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის საკითხის განხილვისთვის განცხდებები მიიღება აკადემიური საბჭოს სამდივნოში 2016 წლის 29 თებერვალს (1000-დან 1700 საათამდე).
კონკურსი ჩატარდება 2016 წლის  4 მარტს. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება იმავე დღეს, ფაკულტეტის  საკონკურსო კომისიის საინფორმაციო დაფასა და უნივერსიტეტის ვებგვერდზე: www.gtu.ge.

II. საკონკურსო პირობები
1. კონკურსის ძირითადი პირობები:
ა) ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არა ნაკლებ 3  წლის გამოცდილება;
2. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად უნდა წარმოადგინოს:
ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები იხ. სტუ-ს ვებგვერდზე), აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი); 
ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);
გ) სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები), დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით;
დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ ორგანიზაციის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (დამოწმება ასევე შესაძლებელია უნივერსიტეტის შესაბამისი აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხელმოწერითა და აკადემიური დეპარტამენტის/ ფაკულტეტის ბეჭდით);
ე) იმ საკონკურსო საგნების ჩამონათვალი, რომლებშიც კონკურსანტს შეუძლია სალექციო და/ან სხვა სახის მეცადინეობების კურსის გაძღოლა.
ვ) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);
ზ) 2 ფოტოსურათი, 3X4.

III. კონკურსში მონაწილეთა შეზღუდვა
1. კონკურსში არ დაიშვება პირი, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური თანამდებობის დაკავება შეზღუდული აქვს მოქმედი კანონმდებლობით. 
2. აკადემიური საბჭო ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით (2/3-ით), ფარული კენჭისყრით, ინდივიდუალურად წყვეტს 65 წლისა და მეტი ასაკის მქონე პირის მიერ აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის საკითხს.
3. პირი, რომელიც მუშაობს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (სრული საშტატო ერთეული), მოცემულ კონკურსში სრულ საშტატო ერთეულზე გამარჯვების შემთხვევაში ვალდებული იქნება არსებული სამსახურიდან გათავისუფლდეს ან გადავიდეს ნახევარ საშტატო ერთეულზე შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე.

IV. კონკურსის ჩატარების წესი
1. კონკურსი ჩატარდება “უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის”, უნივერსიტეტის წესდებისა და “აკადემიურ თანამდებობებზე კონკურსის ჩატარების წესის შესახებ” დებულების შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიაში და უნივერსიტეტის ვებგვერდზე. 
2. საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციისa da კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, საინჟინრო, სასწავლო-მეთოდური და პედაგოგიური საქმიანობა; სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (კომისიის გადაწყვეტილებით) კონკურსანტის მიერ ჩატარებული ლექციის ან/და საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები.
3. კონკურსის  შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, თანახმად მოქმედი კანონმდებლობისა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
აკადემიური საბჭო

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები