იუბილე

20-05-2010
სტუ-ში ქეთევან ჟუჟუნაშვილის 90 წლის იუბილე აღნიშნეს  
 
დღეს, 20 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ღვაწლმოსილ მუშაკს, ქეთევან ჟუჟუნაშვილს, 90 წელი შეუსრულდა. ამასთან დაკავშირებით მცირე სააქტო დარბაზში გაიმართა საიუბილეო საღამო, რომელიც  გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა არჩილ ფრანგიშვილმა. მან ისაუბრა ქეთევან ჟუჟუნაშვილის ხანგრძლივ მოღვაწეობაზე ტექნიკურ უნივერსიტეტში, მის დამსახურებაზე და აღნიშნა ქალბატონი ქეთევანის ფენომენალურi მეხსიერება. რექტორმა იუბილარს დღევანდელი დღე მიულოცა და ხანგრძლივი სიცოცხლე უსურვა. 
 
საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები: მერაბ თევზაძე, ბორის ბოქოლიშვილი, ოთარ ზუმბურიძე, ლევან კლიმიაშვილი, ნაზი კუციავა, გიორგი სალუქვაძე, ხათუნა ჩხიკვიშვილი, ზურაბ გასიტაშვილი და სხვ. ყველა მათგანმა ისაუბრა ქეთევან ჟუჟუნაშვილის დამსახურებაზე, მის გასაოცარ მეხსიერებასა და საქმისადმი თავდადებულ დამოკიდებულებაზე.
 
ქალბატონ ქეთევანს დღევანდელი დღე მიულოცეს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
 
“ქეთო დეიდა, ამ პატარა მისალოც წერილში ძნელია ჩაატიო ყველაფერი, რასაც ჩვენ ვგრძნობთ თქვენ მიმართ. აგერ, უკვე ნახევარი საუკუნეა, ერთგულად და კეთილსინდისიერად რომ ემსახურებით კადრების რთულ და საპასუხისმგებლო საქმეს. ყველას ახსოვს თქვენი ტკბილი სიტყვა, რჩევა და თანადგომა. ამ დროის განმავლობაში კადრების რამდენიმე თაობამ ვისწავლეთ თქვენგან საქმისადმი ერთგულება, ადამიანებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულება. თქვენ, გასაოცარი მეხსიერების პატრონს, უნივერსიტეტში ახლაც “ცოცხალ ენციკლოპედიას” გეძახიან. გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, სიხარულს. ჩვენ კიდევ გვჭირდება თქვენი მეხსიერება, გამოცდილება, სითბო და სიყვარული”, - ნათქვამია ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის თანამშრომელთა მისალოც წერილში.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები