აკადემიური საბჭოს დადგენილება - სტუ-ს რექტორის არჩევნები

04-12-2015
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
აკადემიური საბჭოს
2015 წლის 4 დეკემბრის
 დადგენილება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 
რექტორის   თანამდებობის დასაკავებლად 
არჩევნების გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის #133/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების“, „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ დებულების“  მე-15 მუხლის საფუძველზე  აკადემიური საბჭო ადგენს:

1. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის  თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები აკადემიურ საბჭოში ჩატარდეს 2016 წლის 18 იანვარს;

2. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების შესახებ განცხადება პრესაში გამოქვეყნდეს 2015 წლის 5 დეკემბერს;

3. კანდიდატთა სამოქმედო პროგრამების მოსმენა აკადემიურ საბჭოში გაიმართოს 2016 წლის  16 იანვარს;
  
4. არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყოს 2016 წლის 6 იანვარს და დასრულდეს 2016 წლის 12 იანვარს;

5. რექტორის  თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის  გამოცდილება;

6. კონკურსანტმა საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი, სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის  გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ავტობიოგრაფია (CV), პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი, სამოქმედო პროგრამა და 1 ფოტო სურათი (ზომით 3x4  სმ);

7. დანართი #1-ს შესაბამისად დამტკიცდეს განცხადება ბეჭდვითი მედიის ორგანოში გამოსაქვეყნებლად;

8. დადგენილება ძალაშია უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე;

9. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში, მდებარე:  ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, #6.



აკადემიური საბჭოს  თავმჯდომარე                                  ა. ფრანგიშვილი


აკადემიური საბჭოს   მდივანი                                               გ. სალუქვაძე


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები