სასწავლო პროგრამა „სახელმწიფო პოლიტიკისა და მართვის საფუძვლები“

02-12-2015
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჟიული შარტავას სახელობის სახელმწიფო პოლიტიკის და მართვის სადოქტორო სკოლა

1-ელ დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჟიული შარტავას სახელობის სახელმწიფო პოლიტიკის და მართვის სადოქტორო სკოლამ ახალგაზრდა პოლიტიკოსებისა და საჯარო მოხელეების მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო პროგრამის - „სახელმწიფო პოლიტიკისა და მართვის საფუძვლები“ - განხორციელება დაიწყო.

სასწავლო პროგრამა გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა.
 
შესავალი ლექცია წაიკითხა ქართველმა დიპლომატმა და პოლიტოლოგმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ქართული ენციკლოპედიის მთავარმა რედაქტორმა, პროფესორმა ზურაბ აბაშიძემ.

სასწავლო პროგრამის მიზნებსა და ამოცანებზე მსმენელებს ესაუბრა ჟიული შარტავას სახელობის სახელმწიფო პოლიტიკის და მართვის სადოქტორო სკოლის დირექტორი, ფილოსოფიის დოქტორი ზურაბ ჯიბლაძე.
კურსის მიზანია ახალგაზრდების პოლიტიკური კულტურის ამაღლების,  ქვეყნის წინაშე მდგარი სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტაში მათი როლისა და ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობა; ასევე ორგანიზაციის  მართვის,  სტრატეგიული  დაგეგმვისა და განვითარების ძირითადი პრინციპების შესწავლა და საჯარო მოხელისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შეძენა-განვითარება.

კურსის ამოცანაა, მსმენელს განუვითაროს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების მეცნიერული წვდომისა და განზოგადების უნარი;  ხელი შეუწყოს მსმენელის აქტივობისა და  სამოქალაქო თვითშეგნების ზრდას. 
სასწავლო პროგრამა მოიცავს ქვეყნის სახელმწიფო მმართველობითი ამოცანების, 
ეკონომიკური პოლიტიკის, სამართლებრივი პოლიტიკის, სოციალური პოლიტიკის და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხთა ვრცელ თემატიკას.

კურსებზე სასწავლებლად მოწვეულნი არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წევრები, უნივერსიტეტისა და ფაკულტეტების წარმომადგენლობით ორგანოებში არჩეული სტუდენტები. სწავლების პროცესში მსმენელები პრაქტიკას გაივლიან პარლამენტში და სხვა საჯარო დაწესებულებებში. კურსის დასრულებისას გაიმართება კონფერენცია, სადაც სტუდენტები წარმოადგენენ თავის ნაშრომებს და წარმოაჩენენ სახელმწიფოსთვის აქტუალური პრობლემების გადაჭრის მათეულ ხედვას. კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი. საუკეთესო მსმენელებს გაეწევათ რეკომენდაციები საჯარო სამსახურში.

სწავლება მიმდინარეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ბიბლიოთეკაში ყოველ დღე (შაბათ-კვირის გარდა), 16:00  სთ.

დეტალური ინფორმაციისათვის:
ვებგვერდი: www.doctoralschool.ge    
ელ-ფოსტა: info@doctoralschool.ge
ტელ: 595 59 23 50

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები