ლოგისტიკის ქართულ-გერმანული ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამა

12-11-2015
სტუ-მ და გერმანული უნივერსიტეტების კონსორციუმა ლოგისტიკაში პირველი საბაკალავრო პროგრამის განხორციელება დაიწყეს

12 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საზეიმოდ გაიხსნა ლოგისტიკის ქართულ-გერმანული ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამა, რომელიც კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში პირველი ევროპული დონის ლოგისტიკის უმაღლეს სწავლებას წამოადგენს.

მოწვეულ სტუმრებს მიესალმა სტუ-ს რექტორი არჩილ ფრანგიშვილი. ლოგისტიკაში ქართულ-გერმანული ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამა გახსნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.

2015 წლის ოქტომბრიდან სამი გერმანული უნივერსიტეტის კონსორციუმმა (ვილდაუს, ფლენსბურგისა და ბრანდერბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტები) და სტუ-ს ლოგისტიკის დეპარტამენტმა დაიწყეს ლოგისტიკაში ორდიპლომიანი გერმანულენოვანი საბაკალავრო პროგრამის განხორციელება. გერმანული კონსორციუმის ლიდერია გერმანიის ერთერთ ყველაზე ინოვაციური საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრი - ვილდაუს ტექნიკური გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (TH Wildau). ქართულ მხარეს ხელმძღვანელობს სტუ-ს ლოგისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფ. გიორგი დობორჯგინიძე. პროგრამა ოთხწლიანია და მას გერმანიის აკადემიური გაცვლითი პროგრამა (DAAD) აფინანსებს.  პოსტ-საბჭოთა სივრცეში ის პირველი საინჟინრო პროგრამაა, რომელიც DAAD-ის მიერ დაფინანსდა.

ლოგისტიკის, ბიზნეს ადმინისტრირების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ეკონომიკის საფუძვლების გარდა, სასწავლო პროგრამა მოიცავს ლოგისტიკის 37 სხვადასხვა მოდულს (საავტომობილო და სარკინიგზო ლოგისტიკა, საზღვაო გადაზიდვები, საპორტო ლოგისტიკა, სატრანსპორტო გადაზიდვები, ტვირთის დამუშავება, სასაწყობო სისტემები, ტელემატიკა, ERP დ.ა.შ.). მე-3 სემესტრიდან სწავლება გერმანულ ენაზე განხორციელდება და მას მთლიანად გერმანული კონსორციუმის პროფესორ-მასწავლებები გაუძღვებიან. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია SAP-ის ლოგისტიკის ლაბორატორიის ჩამოყალიბება, ბიბლიოთეკის შექმნა, ვიდეო-კონფერენციის დარბაზის მოწყობა, ელექტრონული სწავლების მოდულის დანერგვა და სხვა აქტივობები. 

სასწავლო პროგრამის ფარგლებში მეშვიდე სემესტრიდან სტუდენტები სწავლას  პარტნიორ გერმანულ უნივერსიტეტებში გააგრძელებენ და პრაქტიკას გაივლიან გერმანულ კომპანიებში. პრაქტიკის ფარგლებში ისინი გაეცნობიან გერმანული კომპანიების ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას, მათ სისტემურ გადაწყვეტილებებს, უახლეს ტექნოლოგიებს და ეფექტურ სამუშაო პროცესებს. მათ ასევე საშუალება ექნებათ აღმოაჩინონ გერმანია, როგორც მოწინავე ლოგისტიკური ინფრასტრუქტურისა და ნოუ-ჰაუს მქონე ევროპის ლოგისტიკური ჰაბი. სტუდენტები, რომლებიც წარმატებით დაძლევენ სწავლებას გერმანიაში, მიიღებენ ვილდაუს უნივერსიტეტის დიპლომებს სპეციალობით ინჟინერიის ბაკალავრი ლოგისტიკაში (Bachelor of Engineering in Logistics). კურსდამთავრებულებს შეეძლებათ ლოგისტიკის სხვადასხვა დარგებში მოახდინონ პროცესების ჩამოყალიბება, ანალიზი, იმპლემენტაცია და ოპტიმიზაცია. მათი მუშაობის სფერო მოიცავს შესყიდვებს, წარმოებას და დისტრიბუციას არა როგორც ცალკეულ, არამედ როგორც ინტეგრირებული პროცესების ჯაჭვს.

პროგრამის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ  იგი ორიენტირებულია პრაქტიკაზე და პასუხობს ადგილობრივი და საერთაშორისო ლოგისტიკური ბაზრების მოთხოვნებს.პროგრამა   კომპანიებს აძლევს  ფართო შესაძლებლობას, სწავლებისა და პრაქტიკის განმავლობაში, ასევე სწავლის დასრულების შემდგომ მიზანმიმართულად მოიზიდონ სტუდენტები, აღმოაჩინონ ახალგაზრდა ტალანტები, გაუწიონ მათ სპონსორობა და შესთავაზონ მათ დასაქმების უნიკალური პერსპექტივები.

ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიებმა გამოხატეს უდიდესი ინტერესი პროგრამის მიმართ. ხელმოწერილია 25-ზე მეტი მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს პრაქტიკის ფარგლებში სტუდენტების აქტიურ ჩაბმას პროექტებში და მათ შემდგომი დასაქმების პერსპექტივებს.

პრეზენტაციის ბოლოს ვილდაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ქართველ სტუდენტებს ვილდაუს უნივერსიტეტის სტუდბილეთები გადასცა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ  TH Wildau-ის პრეზიდენტი პროფესორი ლასლო უნგვარი, DAAD თბილისის ოფისის ხელმძღვანელი მარტინ პრაქსენტჰალერი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ, ასევე, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები