სასტიპენდიო ფონდის კომისია

07-05-2010
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასტიპენდიო ფონდის კომისიის 2010 წლის 15 აპრილის N1 სხდომის ოქმი
 
 
 
      2010 წლის 15 აპრილს გაიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასტიპენდიო ფონდის კომისიის N1 სხდომა. სხდომას კომისიის 5 წევრიდან ესწრებოდა ხუთივე (ლ. კლიმიაშვილი, თ. ბაციკაძე, ჯ. იოსებიძე, ჯ. გახოკიძე,   ბ. გითოლენდია). განსახილველი საკითხების აქტუალობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, სხდომას ასევე ესწრებოდნენ სტუ-ს ფაკულტეტების დეკანები.
      სხდომის თავმჯდომარე _ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასტიპენდიო ფონდის კომისიის თავმჯდომარე, სტუ-ს რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში, პროფ. ლ. კლიმიაშვილი.
      სხდომის მდივანი _ კომისიის წევრი, ბ. გითოლენდია.
      თავმჯდომარემ სხდომა გახსნილად გამოაცხადა და განსახილველად დააყენა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, რომელთაც სხდომის მონაწილეებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
     
სხდომის დღის წესრიგი:
1.     საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასტიპენდიო ფონდის საფაკულტეტო ქვეკომისიების შექმნის შესახებ (მომხსენებელი _ სასტიპენდიო ფონდის კომისიის თავმჯდომარე, პროფესორი ლ. კლიმიაშვილი).
2.     განცხადებების ობიექტური განხილვის უზრუნველყოფის მიზნით ინდივიდთა 100-ქულიანი სისტემით შეფასების დადგენის შესახებ (მომხსენებელი _ სასტიპენდიო ფონდის კომისიის თავმჯდომარე, პროფ. ლ. კლიმიაშვილი)
მოისმინეს: პირველ საკითხთან დაკავშირებით მოხსენებით გამოვიდა კომისიის თავმჯდომარე პროფ. ლ. კლიმიაშვილი. მან აღნიშნა: იმ მიზნით, რომ ფაკულტეტებზე შემოსული განცხადებების განხილვა მოხდეს ობიექტურად, შესაძლებელი იყოს ცალკეულ ინდივიდთა ჭეშმარიტი რეალობის ამსახველი დოკუმენტაციის მოძიება და გაკეთდეს სინამდვილის ამსახველი დასკვნები, წინადადება შემომაქვს, კომისიის წინაშე დავაყენო საკითხი საფაკულტეტო ქვეკომისიების შექმნის შესახებ. ეს ქვეკომისიები გულდასმით შეისწავლიან შემოსულ განცხადებებს და, სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობითა და ფაკულტეტების დეკანების აქტიური თანამშრომლობით, მიიღებენ საბოლოოდ დაზუსტებულ გადაწყვეტილებას, რომელიც საუნივერსიტეტო კომისიის საფუძველი იქნება.
სხდომის მონაწილეებმა ერთხმად მოიწონეს მომხსენებლის ინიციატივა და თავმჯდომარემ სხდომის მონაწილეებს შესთავაზა, კენჭი ეყარათ აღნიშნული წინადადებისთვის.
დაადგინეს: მომხსენებლისა და გამომსვლელთა წინადადებების გათვალისწინებით, ყველა ფაკულტეტზე შეიქმნას სასტიპენდიო ფონდის ქვეკომისია.
მოისმინეს: მეორე საკითხზე – განცხადებების ობიექტური განხილვის უზრუნველყოფის მიზნით ინდივიდთა 100-ქულიანი სისტემით შეფასების დადგენის შესახებ – მოხსენებით გამოვიდა სასტიპენდიო ფონდის კომისიის თავმჯდომარე, პროფ. ლ. კლიმიაშვილი. მან აღნიშნა, რომ განცხადებების შემსწავლელი როგორც საფაკულტეტო ქვეკომისიისთვის, ისე საუნივერსიტეტო კომისიისთვის, საჭიროა დადგინდეს შეფასების კრიტერიუმი, რათა განცხადებების განხილვა წარიმართოს რანჟირების წესის შესაბამისად და მოხდეს ქულების მინიჭება 100 ქულიანი სისტემით. მომხსენებელმა სხდომის მონაწილეებს შესთავაზა შეფასების შემდეგი კლასიფიკაცია:
1. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი – 100 ქულა,
2. მარჩენალდაკარგული, ინვალიდი მშობლები, ინვალიდი სტუდენტები,     
მრავალშვილიანები – 80 ქულა,
3. ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაზარალებულნი, დევნილები – 60   ქულა,
4. სპორტსმენი და თვითშემოქმედებით კოლექტივებში გაერთიანებული სტუდენტები – 40 ქულა,
5. თანამშრომელთა შვილები – 20 ქულა.
სხდომის მონაწილეებმა თავიანთი მოსაზრებანი გამოთქვეს ზემოაღნიშნული კლასიფიკაციის მიმართ, ერთხმად მოიწონეს იგი და წამოაყენეს წინადადება, რომ კენჭი ეყარათ მისთვის.
დაადგინეს: შემოსული განცხადებებისთვის ქულების მინიჭება მოხდეს წარმოდგენილი შემდეგი კლასიფიკაციის მიხედვით:
1.     სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი – 100 ქულა,
2.     მარჩენალდაკარგული, ინვალიდი მშობლები, ინვალიდი სტუდენტები, მრავალშვილიანები – 80 ქულა,
3.     ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაზარალებულნი, დევნილები – 60 ქულა,
4.     სპორტსმენი და თვითშემოქმედებით კოლექტივებში გაერთიანებული სტუდენტები – 40 ქულა,
5.     თანამშრომელთა შვილები – 20 ქულა.
კომისიის სხდომის თავმჯდომარემ, პროფ. ლ. კლიმიაშვილმა მადლობა გადაუხადა კომისიის წევრებს თანამშრომლობისთვის და აცნობა, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები ამოიწურა და სხდომა დახურულად გამოცხადდა.
 
 
 
სხდომის თავმჯდომარე                               ლ. კლიმიაშვილი
 
სხდომის მდივანი                                           ბ. გითოლენდია

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები