ლოგისტიკის საბაკალავრო პროგრამა ქართულ-გერმანული ორმაგი აკადემიური ხარისხით

02-11-2015
სტუ-მ და გერმანული უნივერსიტეტების კონსორციუმა ლოგისტიკაში პირველი საბაკალავრო პროგრამის განხორციელება დაიწყეს

12 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის გ. ნიკოლაძის სახელობის დარბაზში (სააკაძის მოედანი, კოსტავას #77, ადმინისტრაციული შენობა, III სართ) საზეიმოდ გაიხსნება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ლოგისტიკის პირველი საბაკალავრო პროგრამა, ქართულ-გერმანული ორმაგი აკადემიური ხარისხით.

2015 წლის ოქტომბრიდან სამი გერმანული უნივერსიტეტის კონსორციუმმა (ვილდაუს, ფლენსბურგისა და ბრანდერბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტები) და სტუ-ს ლოგისტიკის დეპარტამენტმა დაიწყეს ლოგისტიკაში ორდიპლომიანი გერმანულენოვანი საბაკალავრო პროგრამის განხორციელება. გერმანული კონსორციუმის ლიდერია ვილდაუს ტექნიკური გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (TH Wildau). პროგრამა ოთხწლიანია და მას გერმანიის აკადემიური გაცვლითი პროგრამა (DAAD) აფინანსებს.

გარდა ლოგისტიკის, ბიზნეს ადმინისტრირებისა და ეკონომიკის საფუძვლებისა, სასწავლო პროგრამა მოიცავს ლოგისტიკის 37 სხვადასხვა მოდულს (საავტომობილო და სარკინიგზო ლოგისტიკა, საზღვაო გადაზიდვები, საპორტო ლოგისტიკა, სატრანსპორტო გადაზიდვები, ტვირთის დამუშავება, სასაწყობო სისტემები და ა.შ.).
კურსდამთავრებულებს შეეძლებათ ლოგისტიკის სხვადასხვა დარგებში მოახდინონ პროცესების ჩამოყალიბება, ანალიზი, იმპლემენტაცია და ოპტიმიზაცია. მათი მუშაობის სფერო მოიცავს შესყიდვებს, წარმოებას და დისტრიბუციას არა როგორც ცალკეულ, არამედ როგორც ინტეგრირებული პროცესების ჯაჭვს. 

სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულია ერთწლიანი სწავლება გერმანიაში.  მეშვიდე სემესტრიდან სტუდენტები სწავლას გააგრძელებენ პარტნიორ გერმანულ უნივერსიტეტებში და გაივლიან პრაქტიკას გერმანულ კომპანიებში. სტუდენტები, რომლებიც წარმატებით დაძლევენ სწავლებას გერმანიაში, მიიღებენ ვილდაუს უნივერსიტეტის დიპლომებს, სპეციალობით ინჟინერიის ბაკალავრი ლოგისტიკაში (Bachelor of Engineering in Logistics). 

უნიკალური პროგრამა ორიენტირებულია პრაქტიკაზე და პასუხობს ადგილობრივი და საერთაშორისო ლოგისტიკური ბაზრების მოთხოვნებს. პროგრამა კომპანიებს აძლევს  ფართო შესაძლებლობას, მიზანმიმართულად მოიზიდონ სტუდენტები, აღმოაჩინონ ახალგაზრდა ტალანტები, გაუწიონ მათ სპონსორობა და შესთავაზონ დასაქმების უნიკალური პერსპექტივები. ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიებმა გამოხატეს უდიდესი ინტერესი პროგრამის მიმართ. ხელმოწერილია 25-ზე მეტი მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს პრაქტიკის ფარგლებში სტუდენტების აქტიურ ჩაბმას პროექტებში და მათ შემდგომი დასაქმების პერსპექტივებს.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები