სტუ-ს სტუდენტები იულიხის სამეცნიერო კვლევით ცენტრში

23-10-2015
„შემოდგომის ლექციები თბილისში-2“

5- 14 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იულიხის სამეცნიერო - კვლევით ცენტრს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ჩატარდა სეზონური სკოლა  „შემოდგომის ლექციები თბილისში-2“. 

„შემოდგომის ლექციები თბილისში-2“ ლექციების კურსი უკვე მეორედ გაიმართა და მისი თემატიკა  მოიცავდა ბირთვული ფიზიკის, სამედიცინო ფიზიკისა და შესაბამის საინჟინრო-ტექნიკური გამოყენების მიმართულებებს. ასევე, განხილული იქნა მათი პრაქტიკული რეალიზება მსოფლიო დონის კვლევების მაგალითზე. სპეციალური დრო დაეთმო პრაქტიკული ხასიათის მეცადინეობებს ლაბორატორიებში.

ლექციები წაიკითხეს და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაატარეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კიოლნის, ბონის და აახენის უნივერსიტეტების პროფესორებმა: იულიხის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრმა, პროფ. სებასტიან შმიდტმა, ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორმა  პროფ. ჰანს  შტროერმა, ამავე ინსტიტუტის თანამშრომლებმა - პროფ. დეტლევ  გოტამ, დოქტორებმა ანდრო კაჭარავამ და ირაკლი ქეშელაშვილმა. ასევე,  ბონის უნივერსიტეტის ფიზიკის ინსტიტუტის პროფესორმა დიტერ ევერსაიმმა, იულიხის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის  ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტის დირექტორმა  პროფ. ჯონ  შამ, პროფ. ფარიდა გრინბერგმა  და იულიხის საინჟინრო და ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორმა პროფ. გჰალებ ნათუამ და დოქტორმა იორგ ვოლტერსმა.

სეზონური სკოლის მსმენელი იყო 50 სტუდენტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, ილიაუნიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და აგრარული უნივერსიტეტიდან.

გერმანული მხარის გადაწყვეტილებით, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები დიტო შერგელაშვილი და გრიგოლ აბულაძე სამაგისტრო ნაშრომს შეასრულებენ (8 თვე) იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში, ხოლო მიხეილ კელენჯერიძე, ანა გოგიშვილი, თამარ ხეჩიაშვილი, ვლადიმერ თვალიაშვილი, მიხეილ კიტაევიჩი 2016 წლის გაზაფხულზე იულიხის სამეცნიერო კვლევით ცენტრში სტაჟირებას გაივლიან. სტაჟირებას, ასევე, გაივლიან ზაზა ჩუბინიძე (თსუ), მიქაელ გაგოშიძე (აგრიუნი).

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები