ორდიპლომიანი გერმანულენოვანი საბაკალავრო პროგრამა ლოგისტიკაში

19-10-2015
ორდიპლომიანი გერმანულენოვანი საბაკალავრო პროგრამა ლოგისტიკაში 

2015 წლის სექტემბრიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლოგისტიკის დეპარტამენტმა და სამი გერმანული უნივერსიტეტის კონსორციუმმა (ვილდაუს, ფლენსბურგისა და ბრანდერბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტები) დაიწყეს ლოგისტიკაში ორდიპლომიანი გერმანულენოვანი საბაკალავრო პროგრამის განხორციელება. პროგრამა ოთხწლიანია და მას გერმანიის აკადემიური გაცვლითი პროგრამა (DAAD) აფინანსებს. საგულისხმოა, რომ აღნიშნული პროგრამა წარმოადგენს DAAD-ის პირველ საინჟინრო სასწავლო პროგრამას პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში.

პროგრამა ითვალისწინებს 8 სემესტრიან სწავლებას. მე-7 და მე-8 სემესტრები ჩატარდება გერმანიაში, ვილდაუსა და ფლენსბურგის უნივერსიტეტებში. მე-8 სემესტრი მთლიანად მოიცავს პრაქტიკას წამყვან გერმანულ კომპანიებში და საბაკალავრო ნამუშევრის შესრულებას. სტუდენტები, რომლებიც წარმატებით დაძლევენ სწავლებას გერმანიაში,პარალერულად მიიღებენ ვილდაუს უნივერსიტეტის დიპლომებს, სპეციალობით ინჟინერიის ბაკალავრი ლოგისტიკაში (Bachelor of Engineering in Logistics).

პროგრამა შედგება ისეთი მოდულებისგან, როგორიცაა სატრანსპორტო და ვაჭრობის ლოგისტიკა, მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი, საზღვაო ლოგისტიკა და პორტების მენეჯმენტი. პროგრამის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი ორიენტირებულია ადგილობრივი და საერთაშორისო ლოგისტიკური ბაზრების მოთხოვნებზე. პროგრამაში საკმაოდ ბევრი დრო ეთმობა პრაქტიკულ მეცადინეობებს და პროექტებს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში, სადაც კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ, აღმოაჩინონ ახალგაზრდა ტალანტები, გაუწიონ მათ სპონსორობა და შესთავაზონ მათ დასაქმების უნიკალური პერსპექტივები.

აღნიშნული პროგრამა წარმოადგენს პირველ აკრედიებულ ლოგისტიკის საბაკალავრო კურსს საქართველოსა და კავკასიაში. მის წარმატებით განხორციელებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს, როგორც რეგიონალური ლოგისტიკური ჰაბის ჩამოყალიბებისთვის და საქართველოში ლოგისტიკისა და ტრანსპორტის სფეროს განვითარებისათვის. ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიებმა პროგრამის მიმართ უდიდესი ინტერესი გამოხატეს. ხელმოწერილია 20-ზე მეტი მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს პრაქტიკის ფარგლებში სტუდენტების აქტიურ ჩაბმას პროექტებში და მათ შემდგომი დასაქმების პერსპექტივებს.

გერმანული უნივერსიტეტების კონსორციუმის პარტნიორია საქართველოში ლოგისტიკის დეპარტამენტი, რომელიც ჩამოყალიბდა 2011 წელს სტუ-ს სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე. პროგრამაში ჩართულნი იქნებიან დეპარტამენტის გერმანულენოვანი პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც 4 წლის მანძილზე ყოველწლიურად გაივლიან გადამზადებას გერმანიაში და გერმანელ კოლეგებს დაეხმარებიან პრაქტიკული სამუშაოებისა და სხვადასხვა აქტივობების განხორციელებაში.

ვილდაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (TH Wildau) გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრია, რომელიც გასულ წელს დასახელდა სამეცნიერო დაწესებულებების ხუთეულში გერმანიის მასშტაბით. TH Wildau ამზადებს სპეციალისტებს შემდეგი მიმართულებებით: ეკონომიკა, ინფორმატიკა, სამართალმცოდნეობა, ინჟინერია. სამეცნიერო-კვლევითი კუთხით იგი თანამშრომლობს ისეთ ტექნოლოგიურ გიგანტებთან, როგორებიცაა: Daimler, BMW, Siemens, Sony, Fujitsu, ABB.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები