მემორანდუმი სამხრეთ კორეის ინჰას უნივერსიტეტთან

12-10-2015
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და INHA-ს უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

9 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციამ (GLA) და სამხრეთ კორეის ინჰას უნივერსიტეტმა (INHA University) ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. აღნიშნული ინიციატივის აქტიური მხარდამჭერია მსოფლიო ბანკი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

მემორანდუმი მოიცავს ზემოაღნიშნულ ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას ლოგისტიკისა და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტის (SCM) სფეროებში მოწინავე საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვისა და კვლევითი პროექტების განხორციელების კუთხით. კერძოდ, დაგეგმილია სტუ-ს ლოგისტიკის დეპარტამენტში ინჰას უნივერსიტეტის ლოგისტიკის სამაგისტრო პროგრამის დანერგვა. გარდა ამისა, იგეგმება ერთობლივი მოკლევადიანი სასერტიფიკატო პროგრამების შექმნა ლოგისტიკასა და SCM. 
ზემოაღნიშნული პროექტების განხორციელებაში სტუ-ს ლოგისტიკის დეპარტამენტი და GLA აქტიურად ითანამშრომლებს ინჰას უნივერსიტეტის აზია-წყნარი ოკეანის ლოგისტიკის სკოლასთან (Asia Pacific School of Logistics), რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან ლოგისტიკის სკოლას აზიაში.
 
ინჰას უნივერსიტეტი შეიქმნა 1952 წელს, სამხრეთ კორეის პირველი პრეზიდენტის მიერ. უნივერსიტეტი მდებარეობს საპორტო ქალაქ ინჩეონში, სეულის მახლობლად. დღეს უნივერსიტეტი მოიცავს 10 ფაკულტეტს და 9 უმაღლეს სკოლას. ინჰას უნივერსიტეტში 20 000 სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტი ერთ-ერთი მოწინავეა რეგიონში საინჟინრო მეცნიერებებში. ის აქტიურად თანამშრომლობს ისეთ ტექნოლოგიურ გიგანტებთან როგორებიცაა Samsung, Hyundai, LG, Korean Air.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები