შემოდგომის ლექციები თბილისში-2

07-10-2015
„შემოდგომის ლექციები თბილისში-2“

7 ოქტომბერს, ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იულიხის სამეცნიერო - კვლევით ცენტრს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, სტუ-ში დაიწყო ლექციების კურსი „შემოდგომის ლექციები თბილისში-2“. ამასთან დაკავშირებით, ღონისძიება გახსნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და  იულიხის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ინჟინერიის, ელექტრონიკისა და ანალიზის ცენტრალურ ინსტიტუტს (ZEA) შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს სტუ-ს რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და ინჟინერიის, ელექტრონიკისა და ანალიზის ცენტრალური ინსტიტუტის დირექტორმა პროფ. გჰალებ ნათუამ. ხელშეკრულება ითვალისწინებს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების (ბაკალავრები, მაგისტრანტები და დოქტორანტები) სტაჟირებებს იულიხის კვლევითი ცენტრის ინჟინერიის, ელექტრონიკისა და ანალიზის ცენტრალურ ინსტიტუტში გერმანული, მხარის სრული დაფინანსებით.

ასევე, სამეცნიერო სფეროში საქართველოსა და გერმანიის  ათწლიანი წარმატებული თანამშრომლობის აღსანიშნავად, გერმანიის იულიხის კვლევით ცენტრსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრმა სებასტიან შმიდტმა მოაწერეს.

დღესვე, მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და იულიხის კვლევით ცენტრს შორის. ფონდის მიზნობრივი პროგრამის დაფინანსებით, 2017 წლიდან, საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმში შემავალ ერთ-ერთ უნივერისტეტში ე.წ.  SMART|EDM_lab ლაბორატორია დაარსდება და მას საქართველოში გერმანიიდან დაბრუნებული წარმატებული ახალგაზრდა მეცნიერი წარუძღვება, რომელიც  იულიხის ცენტრის მკვლევარებთან  უნივერსიტეტების კონსორციუმის სამეცნიერო - საგანმანათლებლო კავშირებს გააღრმავებს.

SMART|EDM_lab ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების, მედიცინის, გამოყენებითი კვლევებისა და  ტექნოლოგიის მიმართულებებში მოწინავე კვლევით  ლაბორატორიას წარმოადგენს, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმსა და იულიხის კვლევითი ცენტრის გარკვეული ინსტიტუტების შეთანხმების საფუძველზე ყალიბდება. SMART|EDM_lab-ის მიზანია საერთაშორისო სტანდარტების კვლევებისა და უახლესი, მომავლის ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა, რომლის თანახმად, პროექტში ჩართულები იქნებიან როგორც საერთაშორისო,  ასევე, ადგილობრივი მეცნიერები.

საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმის წევრებს სტუ-ს, თსუ-სა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტები წარმოადგენენ, ხოლო იულიხის ცენტრის მხარეს ენერგეტიკისა და კლიმატის კვლევის ინსტიტუტი (IEK), ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტი (IKP), ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტი (INM),  იულიხის ნეიტრონული მეცნიერების  ცენტრი (JCNS), ინჟინერიის, ელექტრონიკისა და ანალიზის ცენტრალურ ინსტიტუტი (ZEA).

შეთანხმების თანახმად, ლაბორატორიის ტექნიკურ აღჭურვილობასა და საერთაშორისო სტანდარტების კვლევითი პროექტების წარმართვას მხარეები  უზრუნველყოფენ.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან წარმატებული თანამშრომლობისთვის, ქართველი სტუდენტების სამეცნიერო და ტექნიკური მხარდაჭერისთვის, იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნეირომეცნიერებისა და მედიცინის-4 ინსტიტუტის დირექტორს, პროფესორს, დოქტორ ნადიმ ჯონ შას, მიენიჭება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი.

ამასთანავე, შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ ქართველ სტუდენტებსაც, რომლებიც სტაჟირებას გადიან იულიხის კვლევით ცენტრში.

„შემოდგომის ლექციები თბილისში-2“ ლექციების კურსი უკვე მეორედ იმართება და მისი თემატიკა  მოიცავს ბირთვული ფიზიკის, სამედიცინო ფიზიკის და მათი საინჟინრო-ტექნიკური გამოყენების მიმართულებებს.

ასევე განხილული იქნება მათი პრაქტიკული რეალიზება მსოფლიო დონის კვლევების მაგალითზე. სპეციალური დრო დაეთმობა პრაქტიკულ ხასიათის მეცადინეობებს ლაბორატორიებში.

ლექციებს წაიკითხავენ და პრაქტიკულ მეცადინეობებს ჩაატარებენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კიოლნის, ბონის და აახენის უნივერსიტეტების პროფესორები: იულიხის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრი, პროფ. სებასტიან შმიდტი, ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი  პროფ. ჰანს  შტროერი, ამავე ინსტიტუტის თანამშრომლები - პროფ. დეტლევ  გოტა, დოქტორები ანდრო კაჭარავა და ირაკლი ქეშელაშვილი. ასევე  ბონის უნივერსიტეტის ფიზიკის ინსტიტუტის პროფ. დიტერ ევერსაიმი, იულიხის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის  ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი პროფ. ჯონ  შა პროფ.ფარიდა გრინბერგი  და იულიხის საინჟინრო და ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი პროფ. გჰალებ ნათუა.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები