წყლის რესურსების მართვის პროექტი

10-07-2015
წყლის რესურსების მართვის ქართულ-ავსტრიული პროექტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წყლის რესურსების მართვის ქართულ-ავსტრიულ უნიკალურ პროექტს იწყებს. პროექტის ფარგლებში, ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰიდრავლიკური და ჰიდროტექნიკური კვლევების ლაბორატორია ამოქმედდება თავისი სრულფასოვანი კვლევითი/საექსპერიმენტო ბაზით. 
ამასთან დაკავშირებით, 10 ივლისს სტუ-ს რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ პროექტის მიზნები და ამოცანები ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს; ვიცე-პრემიერს, ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს; ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურსა და გარემოსა და ბუნებრივი რესურესების დაცვის მინისტრს გიგლა აგულაშვილს გააცნეს.
პროექტის თაობაზე თითქმის ერთწლიანი მოლაპარაკებები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ავსტრიის მთავრობას შორის დასრულდა,  შესაბამისად, ლაბორატორიის შექმნასა და აღჭურვაში ქართულ მხარეს დახმარებას ავსტრიის მთავრობის მიერ შერჩეული ავსტრიული კომპანია Bilfinger VAM Anlagentechnik GmbH გაუწევს, რომელსაც ანალოგიური პროექტები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქვს განხორციელებული.
ლაბორატორიის საქმიანობა მსოფლიო გამოცდილებაზე, უახლეს მეცნიერულ მიღწევებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე იქნება დაფუძნებული. გამოყენებული იქნება თანამედროვე გამოთვლითი სიმულაციური მეთოდები, ფიზიკური მოდელირება და ნატურული დაკვირვებები. ლაბორატორიაში სამუშაოდ მოწვეულნი იქნებიან სპეციალისტები ავსტრიიდან, იტალიიდან და შვეიცარიიდან.
ლაბარატორია აღიჭურვება უახლესი ტექნოლოგიებითა და აპარატურით. მას ექნება 3 გამოკვეთილი ფუნქცია: სწავლება, კვლევები და საკონსულტაციო მომსახურება. სწავლება მოხდება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.
ლაბორატორია იმუშავებს წყლის რესურსების მართვის სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე, ჰიდროტექნიკური და ინფრასტრუქტურული ნაგებობებით გარემოზე ზემოქმედების რისკებისა და მოსალოდნელი შედეგების შესწავლა-ანალიზზე, მათი თავიდან აცილებისა და მართვის მეცნიერული საფუძვლების შექმნაზე. გარდა ამისა, ლაბორატორია პროექტირების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის ეტაპებზე, აღნიშნული სფეროებით დაინტერესებულ ინვესტორებს საკონსულტაციო მომსახურებას გაუწევს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ისეთი მსხვილი პროექტების გახორციელებისას, როგორიცაა ავტობანი, ანაკლიის პორტი, ხუდონჰესი, ნენსკრაჰესი და სხვა.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები