პოლიტიკური დისკურსის თავისებურებების შედარებითი ანალიზი

02-07-2015
"პოლიტიკური დისკურსის თავისებურებების შედარებითი ანალიზი"

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს - ინჟინერინგის ფაკულტეტს ევროპისა და დსთ-ს ქვეყნების სხვადასხვა წამყვან უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან მჭიდრო სამეცნიერო კონტაქტები აკავშირებს. ივნისში ლიბერალურ მეცნიერებათა დეპარტამენტს, სამეცნიერო თანამშრომლობის თვალსაზრისით, კიდევ ერთი ობიექტი - ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეემატა. ამ უნივერსიტეტს არსებობის თითქმის ხუთასწლიანი ისტორიის მანძილზე, ევროპის საგანმანათლებლო სივრცეში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს. ვილნიუსის უნივერსიტეტის კედლებში ევროკავშირის საგანმანათლებლო პროექტები წარმატებით ხორციელდება. ჰუმანიტარულ სფეროში ვილნიუსის უნივერსიტეტის თანამშრომლების სამეცნიერო მოღვაწეობა იმ სამეცნიერო ტენდენციების შესაბამისად მიმდინარეობს, რომელსაც  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიბერალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ავითარებენ. ერთ-ერთი ასეთია, ევროკავშირის სამეცნიერო-კვლევითი პროექტი - «EU-PREACC», რომელსაც ვილნიუსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკური მეცნიერებების ინსტიტუტის დოცენტი, დოვილე იაკნიუნაიტე ხელმძღვანელობს. 
ორმხრივი ინიციატივით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორების, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორების: ტატიანა მეგრელიშვილის და ჟანეტა ვარძელაშვილის, ასევე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორის, ვილნიუსის უნივერსიტეტის კაუნასის ჰუმანიტარული ფაკულტეტის უცხო ენების კათედრის დოცენტის, ალა დიომიდოვას და  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორის, ვილნიუსის უნივერსიტეტის კაუნასის ჰუმანიტარული ფაკულტეტის უცხო ენების კათედრის მასწავლებლის, იურატე რადავიჩუტეს, დეკანატის და პირადად ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანის, პროფ. რ. ქუთათელაძის და დეპარტამენტის თანამშრომლების, მისი დირექტორის, პროფ. ზ. გამეზარდაშვილის მხარდაჭერით, 2015 წლის 24 ივნისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის ბაზაზე ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი: „პოლიტიკური დისკურსის თავისებურებების შედარებითი ანალიზი“. 

საორგანიზაციო ჯგუფში შევიდნენ სტუ-ს პროფესორი ტატიანა მეგრელიშვილი, სტუ-ს პროფესორი ჟანეტა ვარძელაშვილი, ვილნიუსის უნივერსიტეტის დოცენტი ალა დიომიდოვა, ვილნიუსის უნივერსიტეტის მასწავლებელი იურატე რადავიჩუტე. სემინარის მონაწილეებმა განიხილეს შემდეგი სამეცნიერო პრობლემები: 
1. სუპერლატივი პრეზიდენტის დისკურსში (პრეზიდენტის ყოველწლიური გზავნილების მასალებზე) –  ალა დიომიდოვა (ვილნიუსის უნივერსიტეტი).

2.პოლიტიკური ანალიტიკის ჟანრობრივი ტრანსფორმაციები (რუსულენოვანი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მასალების საფუძველზე) – ტატიანა მეგრელიშვილი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი).

3. მასობრივი შეგნების მანიპულაციის ენობრივი საშუალებები (ჯ. ბუშის, ბ. ობამას, ვ. პუტინის, დ. მედვედევის გამოსვლების შედარებითი ანალიზი) – ჟანეტა ვარძელაშვილი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი).

სამეცნიერო სემინარი ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში ჩატარდა და მას  ლიბერალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის თანამშრომლები დაესწრნენ, რომლებიც მსგავს სამეცნიერო პრობლემებს იკვლევენ. მონაწილეთა შორის იყვნენ სტუ-ს პროფესორი რ. ქუთათელაძე, პროფესორი რ. თაბუკაშვილი, ასოცირებული პროფესორი ი. ჩიქვინიძე, პროფესორი თ. თათარაშვილი, სტუ-ს ბიზნეს ინჟინერინგის ფაკულტეტის თანამშრომლები, მასწავლებლები და სტუდენტები.

სემინარის მუშაობა გახსნა და მონაწილეებს მიესალმა ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე მაია ყიფიანი. სემინარზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა აგრეთვე მოწვეული სტუმარი, ლიტვის რესპუბლიკის კონსული საქართველოში, იურგიტა ლაურუნენაიტე.

სემინარის ორგანიზატორებმა თავიანთი სამეცნიერო კვლევები წარმოაჩინეს. ალა დიომიდოვამ დამსწრეთ დაწვრილებით გააცნო სუპერლატივის  (აღმატებითი ხარისხების) გამოყენება პრეზიდენტის დისკურსის ფორმირებაში. ტატიანა მეგრელიშვილის მოხსენება ეხებოდა პოლიტიკური ანალიტიკური სტატიის ჟანრის ტრანსფორმაციას თანამედროვე მასმედიის ტექსტების სივრცეში. ჟანეტა ვარძელაშვილის მოხსენებაში თანამედროვეობის წამყვანი პოლიტიკური პერსონების მასალებზე დაყრდნობით პრეზიდენტის დისკურსის ენობრივი სტრატეგიის ზოგიერთი ასპექტები გაანალიზდა. სემინარზე განიხილეს აგრეთვე ახალი პროექტი - „ვილნიუსი - თბილისი, ლინგვისტური ლანდშაფტი“, რომელიც იურატე რადავიჩუტემ და ალა დიომიდოვამ წარმოადგინეს.

აღნიშნულ სამეცნიერო ღონისძიებაზე სამომავლო თანამშრომლობის თაობაზეც მოილაპარაკეს. მხარეებმა არსებულ სფეროში თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. კერძოდ, სამეცნიერო პუბლიკაციები გამოქვეყნდება, როგორც ვილნიუსის უნივერსიტეტის სამეცნიერო გამოცემებში, ასევე თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის ჰუმანიტარისტიკის სამეცნიერო ჟურნალ «Scripta manent»-ში. მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს, რაც  სამეცნიერო ვიზიტების ურთიერთგაცვლაში გამოიხატება. მიღწეულია წინასწარი შეთანხმება სხვადასხვა საგრანტო პროექტებში ერთობლივ მუშაობის თაობაზეც.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები