შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან

19-06-2015
შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან

19 ივნისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ესტუმრა. სამინისტრო ბოლო წლებია, ინტენსიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულების სტრატეგიული სამეცნიერო-ექსპერიმენტული ბაზების დაარსებაზე, სწორედ ასეთი ახალი ტიპის ენერგეტიკის და ჰიდროტექნიკის ლაბორატორია იქმნება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე. 17 მილიონიანი პროექტის განხორციელებაში საქართველოს პარტნიორია მსოფლიოში ცნობილი ავსტრიული  ფირმა „ბილფიგერი“, რომლის წარმომადგენლებსაც მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი და სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლები შეხვდნენ.

შეხვედრაზე სპეციალისტებმა პრეზენტაციის სახით სრულად წარმოადგინეს კონცეფციის თავიანთი ხედვა, პროექტის მიზანი და სტრატეგიული დანიშნულება.
ახალი ლაბორატორია ნაწილია იმ სტარტეგიული მნიშვნელობის პროექტებისა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს. ლაბორატორიაში შესაძლებელი იქნება კვალიფიციური კადრების მომზადება და კვლევების წარმოება. ჰიდროინჟინერიის კვლევით ლაბორატორია იქნება პასუხისმგებელი არა მხოლოდ კადრების მომზადებაზე, არამედ ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის ექსპერტული დასკვნის გაცემაზე. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ეს კვლევითი და საექპერიმენტო ბაზა ზუსტად ესადაგება იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას - იქნება ეს  წყლის მართვა, კატაკლიზმები, ბუნებრივი რესურსები, ეკოლოგია თუ სხვა. ეს ყველაფერი დაგვეხმარება იმაში, რომ შესაბამისი კადრები მოვამზადოთ, ჩავატაროთ კვლევები და ექპერიმენტები, რომლებიც პრევენციის ნაწილშიც ძალიან გამოადგება ქვეყანას. ამ ცენტრში მასწავლებლებიც და პროფესორებიც თითქმის ერთწლიან უწყვეტ რეჟიმში გაივლიან გადამზადებას, როგორც საქართველოში, ისე ავსტრიაში.

შეხვედრაზე ასევე, ღირსების ორდენით დაჯილდოვდა სტუ-ს ტრანსპორტისა და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის საწარმოო ტექნოლოგიური მანქანებისა და მექატრონიკის დეპარტამენტის უფროსი, პროფ. თამაზ მჭედლიშვილი. მას მინისტრმა გადასცა ღირსების ორდენი ნახევარსაუკუნოვანი სამეცნიერო და  პედაგოგიური  მოღვაწეობისათვის. პროფესორმა მადლობა გადაუხადა ყველას და აღნიშნა, რომ საქართველოში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, მისთვის გადაცემულ ფულად ჯილდოს დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად გადარიცხავს.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები