„ინტერარქ-2015“

04-06-2015
არქიტექტურის საერთაშორისო ფორუმი „ინტერარქ-2015“
ქართველი არქიტექტორების ტრიუმფი

ბულგარეთის დედაქალაქმა სოფიამ წელს მეთოთხმეტედ უმასპინძლა უმნიშვნელოვანეს არქიტექტურულ ფორუმს – არქიტექტურის მსოფლიო ტრიენალეს. ტრიენალე მსოფლიო არქიტექტურის სამი წლის მონაგარის შეჯამებაა. საერთაშორისო ჟიური ავლენს საუკეთესო ნაწარმოებებს (პროექტები, რეალიზაცია), არქიტექტურულ წიგნებსა და ჟურნალებს, საუკეთესო სამაგისტრო და საბაკალავრო დიპლომებს. ასევე, არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსები ერთობლივი გამოფენით აბარებენ „ანგარიშს“. 
ამ უმნიშვნელოვანეს ფორუმში, რომელიც 1983 წლიდან იღებს სათავეს, მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარგზავნილი ქართველი არქირტექტორებიც, არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი ვახტანგ დავითაია, სტუ–ს არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი  გოჩა მიქიაშვილი,  ასევე სტუ–ს ოთხი სტუდენტი. 
ტრიენალეზე  სტუდენტური სადიპლომო პროექტების კონკურსში წარმოდგენილი იყო 80 პროექტი. სასიხარულოა, რომ ტრიენალეს დიდი ვერცხლის მედლით და საპატიო დიპლომით დაჯილდოვდა ჩვენი არქიტექტურული სკოლის მაგისტრანტი თორნიკე აბულაძე პროექტისათვის „ქართული საბრძოლო ხელოვნების სკოლა“, ხოლო მაგისტრანტ ანა ბიბილაშვილს პროექტისათვის „მრავალფუნქციური ცათამბჯენი“  გადაეცა სერვანტესის ინსტიტუტის სპეციალური პრემია  და საპატიო დიპლომი. 
აქვე აღსანიშნავია, რომ ქართველ არქიტექტორ-რესტავრატორს მიხეილ გელაშვილს და კონსტრუქტორს ზურაბ გაჩეჩილაძეს „მრავალძალის წმინდა გიორგის ტაძრის“ რესტავრაციისათვის მიენიჭათ 2015 წლის ევროპული კულტურის დედაქალაქად აღიარებული ფრანგული ისტორიული  ქალაქ მონსის მერის მიერ დაწესებული პრემია. 
პირველი პრემია მიენიჭა აკადემიკოს ვახტანგ დავითაიას ორ პროექტს – „ხელოვნების ცენტრ „მთაწმინდა“–ს რეკონსტრუქცია-გაფართოება და მემორიალს „არა ომს“.
განსაკუთრებით სასიხარულოა ბატონ გია ჯოხთაბერიძის იდეით განხორციელებული,  გამომცემლობა „სეზანის“ მიერ გამოცემული საავტორო წიგნის – „ვახტანგ დავითაია. არქიტექტურა. ფერწერა. გრაფიკა“–ს წარმატება. წიგნმა მიიღო ორი პრემია – არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის სპეციალური პრემია და ვერცხლის მედალი, ასევე ბულგარეთის არქიტექტორთა კავშირის პრემია.
ასეთივე პრემია და საპატიო დიპლომი გადაეცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის 90-წლიანი ისტორიის და თანამედროვეობის  ამსახველ კატალოგს, რომელიც პროფესორ გოჩა მიქიაშვილის ხელმძღვანელობით არქიტექტურის ფაკულტეტის თანამშრომელთა  მრავალწლიანი შრომის შედეგია. სტუ–ს არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტს ასევე გადაეცა საპატიო დიპლომი „სტუდენტური ნამუშევრების მაღალი დონისათვის“.
ამ ფორუმზე ცნობილი ახალგაზრდა არქიტექტორი გიორგი ხმალაძე არჩეულ იქნა არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის პროფესორად. ეს ქართული არქიტექტურის მნიშვნელოვანი აღიარებაა.
აი, მოკლედ ის „ნადავლი“, რითაც ქართული დელეგაცია დაბრუნდა სოფიიდან. უცხოელი კოლეგების მიერ „ინტეარქ-2015“-ის „ქართულ ტრიენალად“ მონათვლა, როგორც ჩანს არც თუ უსაფუძვლო იყო.
უმნიშვნელოვანესი იყო აგრეთვე  ის შეხვედრები, საუბრები, ატმოსფერო, რომელიც თან ახლავს ასეთ მნიშვნელოვან ფორუმს. საავტორო გამოსვლებიდან განსაკუთრებული იყო იაპონელი ფუმიჰიკო მაკის, იტალიელი მასიმილიანო ფუქსასის, მალტელი რიჩარდ ინგლანდის, შვედი პიტერ პრანის, ჰოლანდიელი ერიკ ვან ეგერატის, რუსი ალექსანდრე კუდრიავცეცის, მექსიკელი ფრანცისკო სირანოს, ქართველი ვახტანგ დავითაიას, ამერიკელი მაიკლ ჯონსონის გამოსვლები. 
ამ დიდ საერთაშორისო ფორუმზე არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის გარდა მსოფლიოს მრავალი ცნობილი ქალაქის ხელმძღვანელობა ანიჭებს მათ მიერ დაწესებულ პრემიებს გამორჩეულ არქიტექტურულ ნაწარმოებებს და მათ ავტორებს. ეს რა თქმა უნდა საკუთარი ქალაქის პოპულარიზაციის გარკვეულ მუხტსაც ატარებს. ტრიენალეზე ჩვენი დედაქალაქის პრემია ენიჭება „ტრადიციისა და თანამედროვეობის“ თვალსაზრისით საუკეთესო პროექტის ან რეალიზაციის ავტორს. ეს ნომინაცია თბილისის ნიშაა. ამჯერად „თბილისის პრემია“ მიენიჭა გამოჩენილ მალტელ არქიტექტორს რიჩარდ ინგლანდს.  ბატონი რიჩარდ ინგლანდი მესამედ გახდა „თბილისის პრემიის“ ლაურეატი. ჩვენთვის დიდი პატივი იქნება თუ ბატონი რიჩარდ ინგლანდი მიიღებს ჩვენს შეთავაზებას და  თბილისს რამდენიმე დღით ეწვევა. მისი შეხვედრა ქართველ არქიტექტორებთან, საავტორო ჩვენება, ლექცია, სტუდენტური „ვორკშოპი“ უაღრესად სასარგებლო იქნება ჩვენი ახალგაზრდობისათვის. 
ტრიენალეზე მოხდა აკადემიის უმაღლესი ჯილდოების გადაცემა – ბროლის გლობუსის და „წლის არქიტექტორის“ დაჯილდოება, ასევე ახლად არჩეული აკადემიკოსების და პროფესორებისათვის მედლების და დიპლომები საზეიმო გადაცემა. ბროლის გლობუსის მფლობელი გახდა, ჩვენთვის კარგად ცნობილი იტალიელი არქიტექტორი, თბილისის იუსტიციის სახლის ავტორი, მასიმილიანო ფუქსასი, ხოლო „წლის არქიტექტორი“ გახდა ნიუ-იორკში, ტერორისტების მიერ განადგურებული ორი ცათამბჯენის ადგილას აგებული ახალი ცათამბჯენის ავტორი, თანამედროვე არქიტექტურის კლასიკოსი, იაპონელი ფუმიჰიკო მაკი.


      

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები