ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის წარმომადგენლები სტუ-ში

28-05-2015
ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის წარმომამადგენლები სტუ-ში

28 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მრგვალი მაგიდა გაიმართა, რომელშიც ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობდნენ საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის (ქ. დუბნა, რუსეთი) წევრი ქვეყნების წარმომადგენლები. ღონისძიებას ასევე, დაესწრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე.
შეხვედრაზე განხილული იქნა დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტთან თანამშრომლობის საკითხები, მიღწეული შედეგები, არსებული პერსპექტივები, ასევე ერთობლივი პროექტები და ამ პროექტებში ქართველი ფიზიკოსების ჩართულობა.
შეხვედრაზე ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, აკადემიკოსმა ვიქტორ მატვეევმა წარმოადგინა  ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტი, ისაუბრა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტს  შორის არსებულ მჭიდრო სამეცნიერო თანამშრომლობაზე.
ღონისძიების დასასრულს სტუ-ს აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, მაღალი ენერგიების ფიზიკის, თეორიული და მათემატიკური ფიზიკის სფეროებში განსაკუთრებული მიღწევების აღიარების ნიშნად, ასევე, ქართველი მეცნიერებისა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის აკადემიკოს ვიქტორ მატვეევს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭა. 

აღსანიშნავია, რომ ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტი წარმოადგენს საერთაშორისო სამეცნიერო–კვლევით ორგანიზაციას ბირთვული ფიზიკის მიმართულებით. მასში გაერთიანებულია  მსოფლიოს 18 ქვეყანა, მათ შორის საქართველო. ინსტიტუტი თანამშრომლობს ისეთ ცნობილ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიცაა CERN (შვეიცარია), KEK (იაპონია), Fermilab (აშშ) და DESY (გერმანია), ასევე, მსოფლიოს 700–მდე სამეცნიერო–კვლევით ცენტრთან და 60 უმაღლეს სასწავლებელთან. კვლევითი ინსტიტუტი აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო პროექტებში (LHC, FAIR, XFEL...).  
საქართველოში ფიზიკა–მათემატიკის მიმართულებით არსებული თითქმის ყველა სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი წარმატებით თანამშრომლობს დუბნის კვლევით ინსტიტუტთან, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქართველი ფიზიკოსების დასაქმებაში. დღეისათვის 30–მდე ქართველი მეცნიერი   წარმატებულად მოღვაწეობს აღნიშნული ინსტიტუტის კვლევით ლაბორატორიებში და მათთვის გახსნილია გზა მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო პროექტებში. ქართველ მეცნიერებს საშუალება აქვთ, ისარგებლონ ბირთვული კვლევის გაერთიანებული ინსტიტუტის დიდი საინფორმაციო ბაზით.
ინსტიტუტთან არსებული სასწავლო – სამეცნიერო ცენტრი უნიკალური საშუალებაა ქართველი ასპირანტებისთვის, გაიარონ პრაქტიკა და მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება. სტუდენტებისთვის შექმნილია განსაკუთრებული პირობები  თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ–ჩვევების მისაღებად, რომ ისინი აქტიურად ჩაერთონ ინსტიტუტის სხვადასხვა ლაბორატორიების კვლევით საქმიანობაში.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები