ამერიკელი პროფესორის საჯარო ლექცია

20-04-2015
საჯარო ლექცია

„ენერგეტიკა, კლიმატის ცვლილება და უსაფრთხოება 21-ე საუკუნეში“

22 აპრილს, 17:30 სთ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი დაინტერესებულ პირებს იწვევს საჯარო ლექციაზე „ენერგეტიკა, კლიმატის ცვლილება და უსაფრთხოება 21-ე საუკუნეში“. 

ლექციას წაიკითხავს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ენერგეტიკის კვლევებისა და გარემოს დაცვის ცენტრის დირექტორი, მეცნიერებათა დოქტორი, ალან სვიდლერი. ლექციას გახსნის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე. ღონისძიებას დაესწრებიან ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი საქართველოში კენ უოლში, ქართული უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები.

ლექცია ჩატარდება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (რუსთაველის გამზირი 3, შესასვლელი ფურცელაძის ქუჩიდან).   უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი. დასწრება თავისუფალია.

პროფესორი სვიდლერი ისაუბრებს კავშირებზე ენერგეტიკას, კლიმატის ცვლილებასა და უსაფრთხოებას შორის გლობალური პერსპექტივიდან. ის განიხილავს მოსახლეობის რაოდენობის ცვლილებას, ენერგეტიკულ პერსპექტივებს და მათ კავშირს ნაციონალურ, რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებასთან. მოყვანილი იქნება მაგალითები აშშ-დან და საქართველოდან.

პროფ. სვიდლერი ლიდერია ენერგეტიკული პოლიტიკის ჩამოყალიბების სფეროში და 30-ზე მეტი წლის განმავლობაში იკვლევს ენერგეტიკის საკითხებს. ის იყო სან დიეგოს ენერგეტიკის რეგიონული ოფისის დამფუძნებელთა საბჭოს წევრი და დირექტორი. მუშაობდა  აშშ-ის სენატში ენერგეტიკის, წყალმომარაგებისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე. უკანასკნელ წლებში ის მუშაობს გარემოს გავლენებზე ენერგიის მოხმარებაზე, კლიმატის ცვლილებასა და საერთაშორისო უსაფრთხოებაზე და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების გავრცელებაზე.

შეგახსენებთ, რომ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU), ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში, სტუდენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ABET, ACS, WASC ) საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს საქართველოში საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგების განვითარებასა და ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას. პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები