2015 პირადი პირველობა პროგრამირებაში

23-03-2015
სტუ-ს 2015 წლის პირადი პირველობა პროგრამირებაში

5 აპრილს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ზედა კომპიუტერულ დარბაზში ჩატარდება სტუ-ს 2015 წლის პირადი პირველობა პროგრამირებაში.

შეჯიბრება დაიწყება 11:00-ზე და გასტანს 4 საათს. შეჯიბრება ჩატარდება სტანდარტული ACM-ის წესებით, რომლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მონაწილეს ამოცანა ეთვლება შესრულებულად მაშინ და მხოლოდ მაშინ, თუ იგი გადის ყველა შეთავაზებულ ტესტს. მონაწილეთა რანჟირება ხდება შესრულებული ამოცანების რაოდენობის მიხედვით, ხოლო ამ მაჩვენებლით თანაბარი მონაწილეების რანჟირება კი მოხდება ჩაბარებულ ამოცანებზე ჯამურად დახარჯული წუთების მიხედვით (რაც ნაკლები, მით უკეთესი). ამ დროს, თუ ამოცანის ჩაბარებას წინ უძღოდა წარუმატებელი მცდელობები, თითო წარუმატებელ მცდელობაზე მონაწილე ჯარიმდება 20 წუთით (მიაქციეთ ყურადღება, რომ ჯარიმების დარიცხვა ხდება მხოლოდ წარმატებულად ჩაბარებულ ამოცანაზე). უფრო დაწვრილებით ACM-ის წესები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://neerc.ifmo.ru/information/contest-rules.html 

ამოცანების ამოხსნა შესაძლებელი იქნება დაპროგრამების ენებზე C/C++ და Java.

ძირითად შეჯიბრებამდე მონაწილეებს გაივლიან საცდელ ტურს, რათა გაეცნონ საშეჯიბრო სისტემას. გამოყენებული იქნება იგივე საშეჯიბრო სისტემა, რომელზედაც ტარდება საერთაშორისო ღია თასი.

საცდელი ტური დაიწყება შეჯიბრების დღეს 10:15-ზე და გასტანს 30 წუთს.

იმის გათვალისწინებით, რომ სტუ-ში არის რუსული სექტორი, წელს პირობები იქნება როგორც ქართულად, ასევე რუსულად.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ქ-ნ ანა ბუზალაძესთან: a.buzaladze@gtu.ge. 
ამისათვის მათ უნდა გაუგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე გზავნილი თემით ”სტუ-ს 2015 წლის პირველობა დაპროგრამებაში”, ხოლო თავად წერილში მიუთითონ გვარი, სახელი, ფაკულტეტი, კურსი, ჯგუფი და საკონტაქტო ინფორმაცია (ელ-ფოსტა და ტელეფონი).

მომავალი კვირიდან იგეგმება სპეციალური მეცადინეობები, რომლებზედაც გაირჩევა გასული წლების ოლიმპიადების ამოცანები.

მაგალითისთვის იხილეთ შესაბამისი ნიმუშები: 



 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები