საერთაშორისო აღიარება

14-11-2014
ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო წარმატება 

11–18 ოქტომბერს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართა არქიტექტურასა და დიზაინში გამოსაშვები საკვალიფიკაციო (სადიპლომო) ნამუშევრების XXIII საერთაშორისო გამოფენა–კონკურსი.
გამოფენა–კონკურსი ორგანიზებული იყო აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტის და აზერბაიჯანის არქიტექტორთა კავშირის თაოსნობით და არქიტექტურული განათლების ხელისშემწყობი საერთაშორისო გაერთიანების მიერ.
გამოფენა–კონკურსში 53 არქიტექტურულმა სკოლამ მიიღო მონაწილეობა. მათ საერთაშორისო ჟიურის სამსჯავროზე 616 არქიტექტურული თუ დიზაინერული პროექტი გამოიტანეს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტმა კონკურსზე 16 სადიპლომო ნამუშევარი წარადგინა.
გამოფენა–კონკურსის მსვლელობისას გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, აგრეთვე ცნობილი არქიტექტორების, მათ შორის არქიტექტურული სუპრემატიზმის ერთ–ერთი ფუძემდებლის ლაზარ ხედეკელის ნამუშევრების გამოფენა.
გამოფენა–კონკურსის და კონფერენციის მიმდინარეობისას არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა უცხოელ კოლეგებთან და დაისახა მომავალი თანამშრომლობის გეგმები. არქიტექტურული სკოლების წარმომადგენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა ქართველი სტუდენტების მიერ შექმნილმა ნამუშევრების კრებულებმაც.
აღსანიშნავია ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების წარმატებული მონაწილეობა გამოფენა–კონკურსში. საერთაშორისო ჟიურიმ ჩვენი სკოლის სადიპლომო ნამუშევრებიდან შვიდს მიანიჭა პირველი ხარისხის, ხოლო ასევე შვიდს – მეორე ხარისხის დიპლომი. 
ამასთანავე, დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე გამოცხადდა აზერბაიჯანის არქიტექტორთა კავშირის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მაგისტრანტ თორნიკე აბულაძის პროექტს „საბრძოლო ხელოვნების სკოლა ხევსურეთში (მუცო)“ (ხელმძღვანელი ვ. გელაშვილი) მიენიჭა სპეციალური პრიზი და ფულადი ჯილდო. ამავე პროექტს მიენიჭა არქიტექტორთა კავშირების საერთაშორისო ასოციაციების სპეციალური სიგელი. 
ასევე განსაკუთრებით გამოირჩა მაგისტრანტ შოთა ჯოჯუას ნამუშევარი „მრავალსართულიანი ავტოსადგომი“ (ხელმძღვანელი დავით ბოსტანაშვილი), რომელსაც მოსკოვის არქიტექტორთა კავშირის სპეციალური სიგელი გადაეცა. 
ზემოაღნიშნული პროექტების ავტორებს  ლაურეატის წოდება მიენიჭათ.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები