სასწავლო-შემეცნებითი პრაქტიკა

19-11-2009
სასწავლო-შემეცნებითი პრაქტიკა
თეთრიწყაროს რაიონში
2009 წლის 4 ივლისს სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის III კურსის სტუდენტები სასწავლო-შემეცნებითი პრაქტიკის გასავლელად თეთრიწყაროს რაიონში გავემგზავრეთ. ხელმძღვანელები: პროფ. . ზვიადაძე, პროფ. . მარდაშოვა.
მიუხედავად დროში შეზღუდულობისა მიზნად ვისახავდით გავცნობოდით თეთრიწყაროს მარშრუტის გეოლოგიურ აგებულებას და ჰიდროგეოლოგიურ პირობებს, აგრეთვე დაგვეთვალიერებინა კულტურულ-ისტორიული ძეგლები, რომლებიც ასე უხვად არის წარმოდგენილი თეთრიწყაროს რაიონში. გზადაგზა ხანმოკლე შესვენებების დროს მასწავლებლები გვესაუბრებოდნენ Mამ ადგილებისათვის დამახასიათებელი საინტერესო გეოლოგიურ-ჰიდროგეოლოგიური პირობების შესახებ. ასე მაგალითად, მოვინახულეთ კუმისის ტბა (სურ.1).

სურ. 1. კუმისის ტბასთან

მოვისმინეთ ხანმოკლე ინფორმაცია ტბის წარმოშობისა და მისი გამოყენების თანამედროვე მდგომარეობის შესახებ. მეორე მნიშვნელოვანი პუნქტი სოფელი კოდაა, სადაც პრაქტიკის ხელმძღვანელების რეკომენდაციით გაყვანილ იქნა 150 მეტრის სიღრმის ჭაბურღილი (სურ. 2-3),რომელშიც მიღებულია სასმელად ვარგისი მაღალხარისხოვანი  წყალი ისეთი რაოდენობით, რომ თითქმის მთლიანად აკმაყიფილებს ამ საკმაოდ დიდი დასახლების მოთხოვნილებას.
 
     
სურ. 2. სასმელი წყლის ჭაბურღილი
სოფ. კოდაში

სურ.3. წყლის გადამრთველი
სოფ. კოდასთან

მადლიერებით უნდა მოვიხსენიოთ თეთრიწყაროს რაიონის ხელმძღვანელობა, რომელმაც გარდა იმისა, რომ სპეციალური წარმომადგენელი მოგვავლინა, ყველანაირად გვიწყობდა ხელს რაიონის ტერიტორიაზე გადაადგილებაში. წყალმომარაგების საკითხის დადებითად გადაჭრით კმაყოფილი ადგილობრივი მოსახლეობას სიხარულით და პატივისცემით გვხვდებოდა. სოფ. ასურეთის მიდამოებში გეოლოგიურად ბევრი საინტერესო პროცესია, მათ შორის აღვნიშნავდით მეწყრულ გადაადგილებებს (სურ.4), რასაც მდ. ასურეთის ხევის მარცხენა მაღალ ფერდობზე აქვს ადგილი.

სურ.4. მეწყრული გადაადგილება სოფ. ასურეთთან

ამავე სოფელში მოვინახულეთ ისევ ჩვენი ხელმძღვანელების რეკომენდაციით გაყვანილი ჭაბურღილი, რომელმაც წყლის რაოდენობის მხრივ სასურველი შედეგი ვერ მოიტანა. მასწავლებლებმა აგვიხსნეს არადამაკმაყოფილებელი შედეგის მიზეზები. იმავე დღეს დავათვალიერეთ ხელოვნური წყალსაცავი, რომელიც მდ. ალგეთისულამაზეს ხეობაში მდებარეობს (სურ.5). წყალსაცავს გარდა თევზჭერისა, სხვა მრავალგვარი დანიშნულება აქვს: მიკროკლიმატი, სავარგულების მორწყვა და ა.შ.

სურ.5. ალგეთის წყალსაცავი
 
ალგეთის წყალსაცავის შემდეგ გეზი თეთრიწყაროსკენ ავიღეთ. ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენელი გამოგვყვა სოფ. ჭივჭავში, სადაც მოვინახულეთ ბურღვის პროცესში მყოფი ჭაბურღილი (სურ.6).

სურ. 6. ჭაბურღილი სოფ.ჭივჭავში

გავეცანით ამ ადგილას ბურღვის ტექნოლოგიას, ხოლო შემდეგ მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ შედეგი დადებითია, რითაც აქ გადმოსახლებული სვანი მოსახლეობა უაღრესად კმაყოფილი დარჩა. ჭივჭავიდან ისევ თეთრიწყაროში დავბრუნდით. ეს შაბათი ანუ დასვენების დღე იყო, მაგრამ ადგილობრივი მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორმა შოთა ეფხოშვილმა დაგვათვალიერებინა მუზეუმის უნიკალური ექსპონატები (სურ.7).
სურ. 7. თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
გვესაუბრა მათი წარმომადგენლობის და ასაკის შესახებ, აგრეთვე რაიონის სხვა კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის უძველესი ღირშესანიშნაობების შესახებაც. საღამო ხანს რაიონის ხემძღვანელობამ გამგებლის მოადგილის ბ-ნ ზურაბ წიკლაურის თავკაცობით სასიამოვნო სიურპრიზი მოგვიმზადა. ბუნების წიაღში გაშლილ გრძელ მაგიდასთან ნამდვილი ქართული სუფრა გაიშალა, ლამაზი სადღეგრძელოებით და ტკბილი სიმღერებით (სურ.8).

სურ. 8. ქართული სუფრა ბუნების წიაღში

უაღრესად კმაყოფილები დავემშვიდობეთ გულუხვ მასპინძლებს და სასიამოვნო შთაბეჭდილებებით აღვსილნი გვიან ღამით მშობლიურ დედაქალაქში დავბრუნდით.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები