საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

08-10-2014
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
“მოწინავე მსუბუქი კონსტრუქციები და რეფლექტორული ანტენები”

1999 წლის 23 ივლისს ორბიტაზე გავიდა ისტორიაში პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი “რეფლექტორი”, რომელიც წარმატებული გაშლისა და გამოცდების შემდეგ 28 ივლისს ჩამოსცილდა ორბიტულ სადგურს და დაიწყო მოძრაობა დამოუკიდებელ თანამგზავრულ ორბიტაზე. ქართული რეფლექტორი აღიარებულია როგორც ევროპული კონსტრუქცია, ხოლო ყოველი წლის 23 ივლისი საქართველოში აღინიშნება, როგორც “პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღე”. 

ამ წარმატებამ განაპირობა ევროპული კომპანიების დაინტერესება ქართული საინჟინრო სკოლით და ევროპული კოსმოსური სააგენტოს დაფინანსებით დღესაც მნიშვნელოვანი პროექტები სრულდება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ამ წარმატებამ განაპირობა ის, რომ  2014 წლის  1-3 ოქტომბერს მიუნხენის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების ორგანიზებით, ევროპული კოსმოსური სააგენტოს მხარდაჭერით და მათი ექსპერტების მონაწილეობით თბილისში, უკვე მეორედ, ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “მოწინავე მსუბუქი კონსტრუქციები და რეფლექტორული ანტენები”, რომელიც მიეძღვნა ისტორიაში პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის - “რეფლექტორი”-ს კოსმოსში გაყვანისა და წარმატებული ექსპერიმენტის მე-15 წლისთავს.  

კონფერენციის მიზანი იყო: მოწინავე მსუბუქი კონსტრუქციების და რეფლექტორული ანტენების თანამედროვე განვითარების და ახალი მიდგომების წარმოდგენა. ასევე კოსმოსური და მიწისზედა მსუბუქი კონსტრუქციების მეცნიერთა და ექსპერტთა გამოცდილების ურთიერთგაზიარება. მოეწყო ევროპული კოსმოსური სააგენტოს დაფინანსებით საქართველოში შექმნილი კოსმოსური რეფლექტორების 6 მეტრი დიამეტრის მოქმედი მოდელების დემონსტრირება.

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი წარმოდგენილი იყო საქართველოს და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტებით, ხოლო ტექნიკური კომიტეტი კი გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ნიდერლანდების, კალიფორნიის, უკრაინის, ჩინეთის და იაპონიის მეცნიერებით.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 46 მოხსენება, საიდანაც 36 ეკუთვნოდა უცხოელ მეცნიერებს. ორგანიზატორების მიერ დაწესდა კრიტერიუმი საუკეთესო მოხსენების გამოსავლენად. ტექნიკურმა კომიტეტმა საკონკურსოდ შეარჩია ექვსი ნაშრომი, მათ შორის ორი ეკუთვნოდა ქართველ მეცნიერებს: შოთა წეროძეს - “ჩასატეხღეროებიანი ტრანსფორმირებადი მექანიკური კონუსური სისტემის ახალი დიზაინი” და დავით პატარაიას – “კოსმოსური პარაბოლური ანტენის ზედაპირის დიზაინი და გაანგარიშება დისკრეტული კონცეფციის საფუძველზე”, ხოლო ერთი იტალიელ მეცნიერს ლორენცო შალინოს - “დიდი გასაშლელი რეფლექტორების ლითონის ბადის მასალის მოდელირება და სტრუქტურული მახასიათებლები”. სასიხარულოა, რომ ტექნიკური კომიტეტის წევრთა მიერ ჩატარებული კენჭისყრის შედეგების საფუძველზე, პირველი ადგილი მიაკუთვნეს პროფესორ შოთა წეროძისა და იტალიელი ინჟინრის ლორენცო შალინოს ნაშრომებს ერთდროულად. ვულოცავთ მათ ამ დიდ მიღწევას და ვუსურვებთ წარმატებას სამეცნიერო მოღვაწეობაში.  


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები