ჩინეთის დელეგაციის ვიზიტი

22-09-2014

ჩინეთის საინჟინრო აკადემიის დელეგაცია ტექნიკურ უნივერსიტეტში

22 სექტემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ჩინეთის საინჟინრო აკადემიის ვიცე- პრეზიდენტის, პროფესორ ფან იუნხეს ხელმძღვანელობით, ჩინეთის საინჟინრო აკადემიის 9-კაციანი დელეგაცია ეწვია. შეხვედრას ჩინეთის საელჩოს მხრიდან ესწრებოდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იუე ბინი და ელჩის ასისტენტი, ასევე, მესამე მდივანი ინ სიაოიუ. ღონისძიება სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა გახსნა.

შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის საინჟინრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი ფან იუნხე საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს.

ამასთან, ჩინეთის საინჟინრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, პროფ. ფან იუნხეს, მიენიჭა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი კომპიუტერული მეცნიერებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში განსაკუთრებული მიღწევებისთვის, ისტორიული მნიშვნელობის მქონე “აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელისათვის” სამეცნიერო-ტექნიკური საკითხების დამუშავებაში შეტანილი ღვაწლისთვის, ასევე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან პარტნიორული ურთიერთობის დამყარებისთვის.

შესაბამისი დიპლომები ჩინეთის საინჟინრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, საქართველოს საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტმა არჩილ ფრანგიშვილმა გადასცა.

ჩინეთის საინჟინრო აკადემიის დელეგაციისა და მისი ხელმძღვანელის, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტ პროფესორ ფან იუნხეს საქართველოში ვიზიტის მიზანია, შეისწავლოს აბრეშუმის გზის ეკონომიკურ სარტყელში შემავალი ქვეყნების ინფრასტრუქტურა და მის განვითარებასთან დაკავშირებული სამეცნიერო-ტექნიკური საკითხები.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მომავალი ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები