ღია კარის დღე

19-09-2014

ღია კარის დღე

19 სექტემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთათვის ღია კარის დღე ჩატარდა. ღონისძიება ტუ-ს რექტორის მოადგილემ სასწავლო დარგში ლევან კლიმიაშვილმა გახსნა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ პროფესორი გიორგი აბრამიშვილი, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჯგუფის უფროსი ეკა ნარეშელაშვილი და სხვები.

მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების შინაარსის, შესაბამისი სასწავლო პროცესის, პრაქტიკის გავლის, შესაძენი უნარ-ჩვევების, მისანიჭებელი კვალიფიკაციისა და დასაქმების შესაძლებლობის შესახებ. შეხვედრის მონაწილეების შეკითხვებს ფაკულტეტების დეკანებმა და პროფესიული პროგრამების ხელმძღვანელებმა უპასუხეს.

პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთათვის დარიგდა სტუ-ის პროფესიული პროგრამების შესახებ ინფორმაციის შემცველი ბუკლეტები.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველები რეგისტრირდებიან ამ პროგრამების პირველად (საწყის) და შემდგომ საფეხურებზე ჩარიცხვის მიზნით ტესტირების გასავლელად. რეგისტრაცია 20 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლონ სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, მომსახურებისა და სხვა მიმართულებით.

რეგისტრაციაში ჩართულია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული 19 პროფესიული და 14 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც პროფესიული პროგრამები ხორციელდება. თითოეული პროგრამის ხანგრძლივობა განსაზღვრულია შესაბამისი პროფესიული სტანდარტით (6 თვიდან და 2,5 წლამდე).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია მხოლოდ პირადობის მოწმობით, თბილისის, ქუთაისისა და ქობულეთის საინფორმაციო ცენტრებში, ასევე, 70 რესურსცენტრსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ 33 დაწესებულებაში. რეგისტრატორები აპლიკანტებს მიაწვდიან ინფორმაციას საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შემოთავაზებული პროფესიული პროგრამების შესახებ.

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, პროფესიული განათლების დამწყებმა აპლიკანტმა, რომელმაც სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულება შეარჩია, უნდა გაიაროს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული უნარების ტესტი, რომელიც ჩარიცხვის პროცესის ობიექტურობასა და გამჭირვალობას ემსახურება. ასევე, ტესტირების მიზანია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველთა უნარები და შესაძლებლობები გამოავლინოს. შესაბამისად, ტესტირების შედეგების მიხედვით ჩარიცხვის ბარიერი არ არსებობს. სახელმწიფო დაფინანსებით, სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში უფასო განათლების მიღების შესაძლებლობა კი ექნებათ იმ აპლიკანტებს, რომლებიც ჩაირიცხებიან კონკურსის საფუძველზე და ტესტირებისას გადალახავენ მინიმალური კომპტენციის ზღვარს.

რაც შეეხება პროფესიულ განათლებაში არსებულ კონტიგენტს, რომელთაც სურთ უკვე დაწყებული პროფესიული განათლების გაგრძელება და კონკრეტული საფეხურიდან შემდგომ საფეხურზე გადასვლა, მათ ტესტირებას უზრუნველყოფს თავად საგანმანათლებლო დაწესებულება, დადგენილი პროცედურების შესაბამისად.

აღნიშნული ტესტირებისა და დაფინანსების სქემა ეხება მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს. ჩარიცხვა კერძო პროფესიულ სასწავლებლებში ხორციელდება დამოუკიდებულად, ამავე სასწავლებლების მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად.

ტესტების ნიმუშები განთავსებულია პროფესიული განათლების ვებპორტალზე (www.vet.ge) და ეროვნული გამოცდების ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge). დამატებითი ინფორმაციის მიწოდებასა და აპლიკანტების კითხვებზე პასუხის გაცემას რეგისტრატორები უზრუნველყოფენ. დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისათვის, ასევე, შეუძლიათ დარეკონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე: 2 200 220.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები