შეხვედრა

03-11-2009
შეხვედრა თურქეთში მოღვაწე ქართველ ჟურნალისტთან
  
30 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები სტუ-ს ,,სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის განყოფილების” წარმომადგენლის _ მაია გოგორიშვილისა და ხათუნა თოდაძის ინიციატივით გამართულ კონფერენციაზე თურქეთში მოღვაწე ქართველ ჟურნალისტს _ ფარნა ჩილაშვილს შეხვდნენ.
 
ფარნა ჩილაშვილი (იგივე ფაჰრედინ ჩილოღლუ) მუჰაჯირობის დროს თურქეთში გადასახლებული მესხების შთამომავალია. მიუხედავად იმისა, რომ იგი უკვე მეოთხე თაობის წარმომადგენელია, არ ივიწყებს ქართულ ფესვებს და გამოსცემს ჟურნალს _ ,,ფიროსმანი”, რომელიც ქართულ-თურქულ ენაზე იბეჭდება და გათვლილია როგორც თურქეთში მცხოვრებ ქართულ დიასპორაზე, ასევე თურქულ მოსახლეობაზე.
 
ჟურნალი სამ თვეში ერთხელ გამოდის ტირაჟით 2500 ეგზემპლარი, აქედან 100 ეგზემპლარი სარეალიზაციოდ საქართველოში იგზავნება.
შეხვედრაზე საუბრის ძირითადი თემა სწორედ ჟურნალი ,,ფიროსმანი” იყო, ვინაიდან დაინტერესებული აუდიტორიის დიდ ნაწილს მომავალი ჟურნალისტები შეადგენდნენ, რომელთაგანაც განსაკუთრებით ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მესამე კურსი აქტიურობდა.
 
საუბარი საინტერესოდ წარიმართა. შეხვედრის დასასრულს საკუთარი ლექსები წაიკითხეს სტუდენტებმა _ გიორგი კირეულიშვილმა და თეონა გიგაურმა.
 
ფარნა ჩილაშვილმა სტუდენტებს სამომავლო თანამშრომლობის გზები დაუსახა და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი შეხვედრები კვლავაც გაგრძელდებოდა.
 
 
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები