საერთაშორისო აღიარება

25-07-2014
სტუ-ს თეატრის საერთაშორისო აღიარება

14-20 ივლისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია ”მოდი ნახემ” გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში წარმოადგინა სპექტაკლი ოტია იოსელიანის ნაწარმოების მიხედვით ”ექსვი შინაბერა და ერთი მამაკაცი”. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი, მხატვარი და მუსიკალური გამფორმებელია სტუ-ს თეატრ-სტუდია მოდი ნახეს მთავარი რეჟისორი ნუგზარ ბუცხრიკიძე.
სპექტაკლების ჩვენება ქ. კარლსრუეს სანდკორნ თეატრში 16-17 ივლისს გაიმართა და მას ესწრებოდნენ ქართული დიასპორის წარმომადგენლები, თეატრის მოყვარულები, კრიტიკოსები და ოფიციალური პირები, მათ შორის ქალაქის მერი ბატონი ვოლფრამ იაგერი.
სპექტაკლების ჩვენებას დიდი წარმატება ხვდა წილად, რაც მაყურებელმა ხანგრძლივი ოვაციითა და აპლოდისმენტით, ხოლო თეატრის კრიტიკოსებმა სხვადასხვა გაზეთში გამოქვეყნებული დადებითი რეცენზიებით გამოხატეს. კრიტიკოსების მიერ ერთხმად აღინიშნა, რომ სპექტაკლი გამოირჩეოდა მაღალმხატვრული, საინტერესო რეჟისორული მიგნებებით, გადაწყვეტეილებებით და პროფესიონალური სამსახიობო ოსტატობით. განსაკუთრებით აღინიშნა სპექტაკლში მონაწილე მსახიობების მუსიკალური მონაცემები და პლასტიკა, რომელიც ორგანულად ერწყმოდა სპექტაკლის ორიგინალურ მხატვრულ ჩანაფიქრს.
სპექტაკლების ფრაგმენტები ნაჩვენები იქნა სხვადასხვა გერმანული სატელევიზიო არხის საშუალებით, ასევე, დაიბეჭდა ვრცელი საგაზეთო სტატიები და პუბლიკაციები 15-მდე გერმანულ გაზეთსა და ჟურნალში, მათ შორის აღსანიშნავია ბადენის ცენტრალური გაზეთი (BNN), "კურიერი", "კარლსრუე და რეგიონები" და სხვა.
სპექტაკლების შემდეგ სტუ-ს თეატრ-სტუდია ”მოდი ნახეს” მიერ წარმოდგენილი იქნა სპეციალური საკონცერტო პროგრამა, რომელშიც მონაწილეობდნენ თეატრ ”მოდი ნახეს” ფოლკლორული თვითმოქმედი კოლექტივები და ინდივიდუალური შემსრულებლები.
თეატრის დელეგაცია საზეიმო ვითარებაში მიიღო ქალაქ კარლსრუეს მერმა ბატონმა ვოლფრამ იაგერმა, კარლსრუეს მერიის წინ აღიმართა საქართველოს დროშა და გაიმართა ოფიციალური მიღება მერიის სადღესასწაულო დარბაზში.
სტუ-ს თეატრ-სტუდია ”მოდი ნახეს” ოფიციალური მასპინძელი იყო ქალაქ კარლსრუეს სანდკორნ-თეატრი, მისი დამფუძნებელი - პროფესორი, დოქტორი ზიგფრიდ კრაინერი და თეატრის მთავარი რეჟისორი შტეფი ლაკნერი.
სტუ-ს დელეგაციას გერმანულ ფედერაციულ რესპუბლიკაში ხელმძღვანელობდა და ასევე, თეატრის მიერ წარმოდგენილ სპექტაკლში მთავარ როლს ასრულებდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი ქეთი ქოქრაშვილი. 
სტუ-ს თეატრსა და სანდკორნ თეატრს 30 წლის მანძილზე აკავშირებთ მეგობრობა და თანამშრომლობა.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები