სტუ-ს სპორტსმენების წარმატება

13-05-2014
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტსმენი სტუდენტების წარმატება

3-4 მაისს კიევში (უკრაინა) გამართულ ძალოსნობაში ევროპის ღია ჩემპიონატში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა  მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. 
აღნიშნულ ჩემპიონატში  მსოფლიოს 23 ქვეყნიდან  მონაწილეობდნენ სპორტსმენები.  საქართველოს სახელით შეჯიბრებაში 9 სპორტსმენი გამოდიოდა, მათ შორის, 2 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან: ინფორმატიკისა და მართვის სისტემების მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტი ალექსანდრე ჯოხაძე და სამშენებლო ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ამირან ჯაჯანიძე.
ალექსანდრე ჯოხაძემ მოიპოვა 3 ოქროს მედალი: წოლჭიმში, ამოწევასა და ორჭიდში, დაამყარა 5 რეკორდი, აქედან 3 – ევროპის რეკორდი წოლჭიმში, ამოწევასა და ორჭიდში, 2 – მსოფლიო რეკორდი ამოწევასა და ორჭიდში. 
ამირან ჯაჯანიძემ საქართველოში ჩამოიტანა 3 ოქროს მედალი: წოლჭიმში, ამოწევასა და ორჭიდში, 1 ვერცხლი სამჭიდში. დაამყარა 3 რეკორდი, აქედან 2 ევროპის – ამოწევასა და ორჭიდში, 1 – მსოფლიო რეკორდი ორჭიდში.
სტუ-ის სტუდენტების გარდა, ძალოსნობის ჩემპიონატში საქართველოს სახელით წარმატებით მონაწილეობდნენ მსოფლიო რეკორდსმენი, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი სამჭიდში გიორგი დავითაშვილი, ზურაბ ჭავჭანიძე, ზურაბ თავართქილაძე, კახა თეთრაძე, თორნიკე მინდიკაური, დავით ჩითინაშვილი, ემზარ ქილიფთარი. გუნდის ხელმძღვანელი იყო გიორგი დავითაშვილი. 
აღსანიშნავია, რომ ერთ სპორტსმენზე მედლების რაოდენობის მხრივ, საქართველო პირველ ადგილზე გავიდა. საერთო ჯამში, მედლების რაოდენობის მხრივ – მეორეზე, უკრაინის შემდეგ, თუმცა აღსანიშნავია, რომ უკრაინიდან ბევრად მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა, ვიდრე საქართველოდან.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები