სტუ-ს ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტთა საყურადღებოდ

24-09-2008
 
პრაქტიკული სამართლის კლინიკა
 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტთა საყურადღებოდ
 
 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტი ამერიკის იურისტთა ასოციაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტებისათვის (კერძოდ, ბაკალავრიატის მე-4 კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის) იწყებს პრაქტიკული სამართლის კლინიკური პროგრამის განხორციელებას. პროგრამა გათვალისწინებული იქნება როგორც იურიდიული სწავლების შემადგენელი კომპონენტი და მისი გავლის შედეგად სტუდენტები მიიღებენ 10 კრედიტს.
 
პრაქტიკული სამართლის პროგრამა გულისხმობს სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტების მიერ თბილისის საშუალო სკოლების მოსწავლეთათვის ძირითადი სამართლებრივი საკითხების სწავლებას, როგორიცაა: სამართალი და სამართლებრივი სისტემები; კონსტიტუცია და დემოკრატია; ადამიანის უფლებები; სისხლის სამართალი და არასრულწლოვანთა უფლებები; სამოქალაქო სამართლის როლი და მნიშვნელობა თანამედროვე პირობებში; კონფლიქტების მოგვარება.
 
კლინიკის მიზნები და ამოცანები
 
პრაქტიკული სამართლის კლინიკა საშუალებას მისცემს დაინტერესებულ მაგისტრანტ სტუდენტებს, მიიღონ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებზე დაფუძნებული განათლება და მოიპოვონ შესაბამისი აკადემიური კრედიტი აღნიშნული კლინიკური კომპონენტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში.
 
კლინიკაში პრაქტიკული საქმიანობის შედეგად მაგისტრანტი სტუდენტები:
  • დაეუფლებიან როგორც მატერიალური, ისე პროცესუალური სამართლის ფუძემდებლური კონცეფციებისა და იურიდიული კატეგორიების საფუძვლიან, სიღრმისეულ ცოდნას შესაბამისი  სამართლებრივი თემების დამუშავებისა და სკოლის მოსწავლეთათვის სწავლების პროცესში;
  • შეიძენენ სტრატეგიული გეგმის მომზადებისა და განხორციელების, არგუმენტირებული მსჯელობისა და საკუთარი მოსაზრებების აუდიტორიის წინაშე დამაჯერებლად წარმოდგენის უნარს;
  • დაეუფლებიან სამართლის ცალკეული საკითხების სკოლის მოსწავლეთათვის ახსნისა და მათთან მუშაობის ტექნიკას;
  • გაიუმჯობესებენ ზეპირმეტყველებისა და სამართლებრივი კვლევის წარმოების უნარს;
  • ისწავლიან დროის და შესაძლებლობების ეფექტურ გამოყენებასა და მართვას.
 
საქმიანობა
 
კლინიკაში დასაქმებული სტუდენტები დაინტერესებულ სკოლებში ჩაატარებენ ტრეინინგებს ისეთ თემებზე, როგორიცაა:
 
  1. სამართალი და სამართლებრივი სისტემები
  2. კონსტიტუცია და დემოკრატია
  3. ადამიანის უფლებები და თავისუფლებები
  4. სისხლის სამართალი
  5. სამოქალაქო სამართალი
  6. არასრულწლოვანთა უფლებები
  7. კონფლიქტების მოგვარების მშვიდობიანი მეთოდები 
სწავლების მეთოდი
 
პრაქტიკული სამართლის კლინიკაში სწავლება განხორციელდება შემდეგი მეთოდების გამოყენებით: 
  • სემინარული მუშაობა ჯგუფში;
  • მუშაობა ტრენინგის მოდულებზე, პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და    კაზუსებზე, იურისტებისა და ლექტორის მონაწილეობით / ლექციური კომპონენტი;
  • ყოველკვირეული შეხვედრები, დისკუსიები _ გამოცდილების გაზიარება;
  • პრაქტიკული სამართლის ტრენინგების მომზადება და ჩატარება სკოლებში. 
პრაქტიკული სამართლის კლინიკის სტუდენტი
 
პრაქტიკული სამართლის კლინიკის სტუდენტი შეიძლება გახდეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტის სამართლის სპეციალობის სამაგისტრო პროგრამის ან საბაკალავრო პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტები, რომელთაც სურვილი აქვთ შეუერთდნენ კლინიკას და მონაწილეობა მიიღონ მის აქტივობებში.  
 
სტუდენტთა შერჩევა:
 
პირველ ეტაპი _ განაცხადის შევსება
მეორე ეტაპი _ გასაუბრება.
 
საუკეთესო შედეგის მქონე 14 სტუდენტი 2008 წლის საშემოდგომო სემესტრის განმავლობაში გაივლის   კლინიკური სწავლების კურსს.
 
დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმები, რომელთა  მოპოვებაც შესაძლებელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტის სამდივნოში და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე (http://www.gtu.ge/),  და მიიტანონ პრაქტიკული სამართლის კლინიკაში (მე-6 კორპუსი, ოთახი ¹921). განაცხადები მიიღება ¿10 ოქტომბრის ჩათვლით. კლინიკაში მისაღები სტუდენტების რაოდენობა შეზღუდულია. გასაუბრება ჩატარდება 14 ოქტომბერს.
 
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:
გვანცა დავითაშვილი, პრაქტიკული სამართლის კლინიკის კოორდინატორი
ტელ: 899 234 432
ელ-ფოსტაnuki92@yahoo.com
განაცხადის ფორმა
 
  1. ინფორმაცია სტუდენტის შესახებ
 
სახელი, გვარი
 
 
დაბადების თარიღი
რიცხვი/თვე/წელი
 
 
მისამართი
 
 
ტელეფონის ნომერი
 
 
ელ-ფოსტა
 
 
უმაღლესი სასწავლებელი
 
 
სპეციალობა/კურსი
 
 
სამართლის დარგი ან დარგები, რომელშიც გსურთ გაიღრმავოთ ცოდნა
 
 
 
 
  1. ნიშნების ფურცელი დანართის სახით
 
  1. თქვენი მოტივაცია და მოლოდინი
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ 
შესარჩევი ეტაპების წარმატებით  გავლის შემთხვევაში ვალდებულებას ვიღებ: 
  • მონაწილეობა მივიღო კლინიკური სწავლების ფარგლებში ჩატარებულ სპეციალურ სემინარებსა და ტრენინგებში;
  • აქტიური მონაწილეობა მივიღო კლინიკის მუშაობაში, მოვამზადო მასალა ტრენინგისთვის (პრაქტიკული სავარჯიშოები, მოდულები, თეორიული და ნორმატიული მასალა);
  • დავესწრო ყველა შეხვედრას და კეთილსინდისიერად შევასრულო პროგრამის კოორდინატორის დავალებები;
  • ჩავატარო პრაქტიკული სამართლის ტრენინგი სკოლებში;
  • საქმიანობის განხორციელებისას დავიცვა იურისტის საქმიანობის ეთიკური ნორმები. 
ვაცნობიერებ, რომ აღნიშნული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება შესაძლებელია გახდეს ჩემი კლინიკიდან გარიცხვის საფუძველი. 
 
 
სტუდენტის ხელმოწერა ---------------------------------------------
 
   «-----------»  ----------------------------- 2008

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები