სპეციალურად სტუდენტებისთვის - სწავლის შედეგების შეფასების გასაჩივრება და საპატიო მიზეზით გაცდენილი შეფასების/გამოცდის აღდგენა

სპეციალურად სტუდენტებისთვის - სწავლის შედეგების შეფასების გასაჩივრება და საპატიო მიზეზით გაცდენილი შეფასების/გამოცდის აღდგენა

08-11-2019

ამონაწერი "საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის

მართვის ინსტრუქციიდან" (მუხლი 8) 

  1. სტუდენტი, რომელიც არ ეთანხმება სწავლის შედეგების შეფასებას (მიმდინარე შეფასება, შუასემესტრული/დაკვნითი/დამატებითი გამოცდა, ტესტირება, თემატური სემინარი, დისერტაციის, სამაგისტრო/საბაკალავრო ნაშრომის, საკურსო პროექტის/სამუშაოს, თემატური პროექტის, პრაქტიკის ანგარიშის დაცვა და სხვა სახის გამოცდა/ტესტირება/შეფასება), უფლებამოსილია, შეფასების შედეგის გაცნობიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში, დასაბუთებული საჩივრით მიმართოს დეკანს და მოითხოვოს შედეგების გადასინჯვა.
  2. საჩივარს განიხილავს და შესაბამის დასკვნას შეიმუშავებს დეკანის ბრძანებით შექმნილი დარგობრივი კომისია. დასკვნის საფუძველზე დეკანი იღებს გადაწყვეტილებას ან უზრუნველოფს საკითხის ფაკულტეტის საბჭოზე განხილვას.
  3. დეკანის/ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება იყოს შემდეგი სახის:
    ა) მოთხოვნილი შეფასების დადასტურება;
    ბ) განმეორებითი შეფასება იგივე პირობებში;
    გ) განმეორებითი შეფასება საკომისიო წესით;
    დ) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი.
  4. იმ შემთხვევაში, თუ საკითხის განხილვისას გამოიკვეთა “სტუ-ს ეთიკის კოდექსითა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის ნორმებით“ დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ნიშნები, საკითხი შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცემა შესაბამის დისციპლინარული წარმოების განმახორციელებელ ორგანოს.
  5. სტუ-ს საგამოცდო ცენტრმა, სტუდენტების ხელშეწყობის მიზნით, აღნიშნულის გარდა დამატებით შეიძლება შეიმუშავოს და გამოიყენოს შეფასების შედეგის გასაჩივრების სხვა წესი, რომელიც არ ეწინააღმდეგება წინამდებარე წესს.
  6. თუ სტუდენტი მიმდინარე შეფასებაზე, შუასემესტრულ ან/და დასკვნით/დამატებით გამოცდაზე ვერ გამოცხადდა ავადმყოფობის ან სხვა საპატიო მიზეზით, მას უფლება აქვს შეფასების/გამოცდის აღდგენის თაობაზე წერილობითი განცხადებით მიმართოს ვიცე-რექტორს აღნიშნული მიზეზის აღმოფხვრიდან არაუგვიანეს 15 დღისა.

  • სტუდენტი ვალდებულია შეფასების/გამოცდის აღდგენის შესახებ განცხადებას დაურთოს საპატიო მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები. სტუდენტმა აგრეთვე უნდა წარმოადგინოს თავისი ელექტრონული უწყისების ამონაკრები (ამობეჭდილი აკადემიური მოსწრების რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის სტუდენტის გვერდიდან).
  • სემესტრის დაწყებიდან პირველი 6 კვირის განმავლობაში ჩატარებული მიმდინარე შეფასებების აღდგენა უნდა დასრულდეს შესაბამის სასწავლო კურსში შუასემესტრულ გამოცდამდე, შუასემესტრული გამოცდის აღდგენა უნდა დასრულდეს მე-17 კვირის ბოლომდე (სესიების დაწყებამდე), მე-7 – მე-15 კვირების მიმდინარე შეფასებების აღდგენა – შესაბამის დასკვნით გამოცდებამდე, ხოლო დასკვნითი/დამატებითი გამოცდის აღდგენა – შემდეგი სემესტრის დასრულებამდე, დეკანატთან/საგამოცდო ცენტრთან/სასწავლო კურსის წამყვან პროფესორთან შეთანხმებულ დროსა და ადგილზე.
  • სწავლის შედეგების შეფასების გასაჩივრებისა და საპატიო მიზეზით გაცდენილი შეფასების/გამოცდის აღდგენის წესები ხელმისაწვდომი უნდა იყოს დაინტერესებული პირებისათვის. ამ მიზნით იგი განთავსებული უნდა იყოს უნივერსიტეტის, საგამოცდო ცენტრისა და ფაკულტეტის ვებგვერდებზე.


 

სიახლეებში დაბრუნება