შეხვედრა მინისტრთან

19-03-2014
შეხვედრა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ბატონ დავით ნარმანიასთან
 
14 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ცენტრის მოწვევით გაიმართა შეხვედრა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ბატონ დავით ნარმანიასთან.  სტუმარმა საჯარო მმართველობის სპეციალობის სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს გააცნო საქართველოს მთავრობის  ღონისძიებები ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების დასახული პროგრამისა და პერსპექტივების თაობაზე;  დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მათ ადგილობრივი თვითმმართველობის კანონში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების შესახებ.  სტუდენტთა ინტერესი ამ შეხვედრისადმი მაღალი იყო, რაც გამოიხატა მრავალ შეკითხვაში, რომელსაც ბატონმა დავით ნარმანიამ დეტალურად უპასუხა.
შეხვედრაზე უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიკოსმა  არჩილ ფრანგიშვილმა ისაუბრა  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  სამინისტროსა და ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლობის თაობაზე, მადლობა გადაუხადა მინისტრს იმ დახმარებისათვის, რაც  ორი უმაღლესი დონის აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიის შექმნაში გამოიხატა.
მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა,  კვლავაც აქტიურად ითანამშრომლოს უნივერსიტეტთან, შესაძლებლობის ფარგლებში შეხვდეს სტუდენტებს და დიალოგი გამართოს მათთან. შეხვედრის დასასრულს პროფესორმა დავით ნარმანიამ  უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას, ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტსა და საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტს საჩუქრად გადასცა თავისი და ნინო ზარნაძის ერთობლივი წიგნის „საზოგადოებრივი ადმინისტრირების საფუძვლები და საზოგადოებრივი ადმინისტრირება საქართველოში“ რამდენიმე ეგზემპლარი, ასევე მისი მონაწილეობით შექმნილი წიგნები  : „ევროინტეგრაციისა საკითხები-ვიშეგრადის ქვეყნები და სამხრეთ კავკასია“ და „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ და საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა“.
ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანმა რუსუდან ქუთათელაძემ და დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გენადი იაშვილმა მადლობა გადაუხადეს ბატონ დავით ნარმანიას სტუმრობისა და საჩუქრად გადმოცემული წიგნებისათვის.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები