სტუ პროფესორ ელმირა (დოდო) ჩხიკვაძის დაბადებიდან 90 წლის იუბილეს აღნიშნავს

სტუ პროფესორ ელმირა (დოდო) ჩხიკვაძის დაბადებიდან 90 წლის იუბილეს აღნიშნავს

23-10-2019
სტუ პროფესორ ელმირა (დოდო) ჩხიკვაძის დაბადებიდან 90 წლის იუბილეს აღნიშნავს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მეცნიერის, პედაგოგის, საზოგადო მოღვაწის, პროფესორ ელმირა (დოდო) ჩხიკვაძის იუბილე აღინიშნება.

იუბილარის  90 წლისათავისადმი მიძღვნილი ღონისძიება  25 ოქტომბერს, 14:00 საათზე სტუ-ის მე-2 კორპუსში, თეატრის "მოდი ნახე" დარბაზში გაიმართება.

დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი მიესალმება.

პროფესორ ელმირა (დოდო) ჩხიკვაძის ცხოვრებისა ღვაწლის შესახებ პროფესორი ჯემალ შენგელია ისაუბრებს.

გარდა ამისა, ღონისძიებაზე წიგნის "ქალთა ასოციაციის სადაგი დღეების" პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიება დასრულდება კონცერტით.

ცნობისათვის, ელმირა (დოდო) ჩხიკვაძე ქ. თბილისში 1931 წელს დაიბადა. 1953 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი და 1959 წელს - ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა .

1953-1968 წლებში მუშაობდა შამპანური ღვინოების ქარხანაში გლიფტალის საამქროს უფროსად, სწავლობდა ასპირანტურაში ელექტროქიმიური ტექნოლოგიის სპეციალობით, მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არაორგანული ქიმიის ინსტიტუტში.

1968 წელს მან პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროქიმიური ტექნოლოგიის კათედრაზე დაიწყო მუშაობა დოცენტად, ხოლო 1999 წლიდან ამავე კათედრის პროფესორია.

1970-1980 წლებში  ელმირა (დოდო)  ჩხიკვაძე იყო ქიმიური და კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოს თავმჯდომარე, სტუ-ის დიდი და სამეცნიერო საბჭოების სწავლული მდივანი (1980-1993). 

1974 წელს მისი ინიციატივით შეიქმნა სპი-ის ქალთა საბჭო, რომელიც შემდგომ ჩამოყალიბდა ქალთა ასოციაციად, რომელსაც უცვლელად ხელმძღვანელობდა.

მიღებული აქვს პეტრე მელიქიშვილის სახელობის მედალი და ვარშავის პოლიტექნიკური ინსტიტუტის დიდი მედალი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

 

სიახლეებში დაბრუნება