ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის პროგრამის სტუდენტები იულიხის კვლევით ცენტრში

ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის პროგრამის სტუდენტები იულიხის კვლევით ცენტრში

17-09-2019


ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის პროგრამის სტუდენტები იულიხის კვლევით ცენტრშისაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის პროგრამის სტუდენტები  სანდრო მაისურაძე და დაჩი ოქროპირიძე, „საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის“  კონცეფციის ფარგლებში, იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში, 8-15 სექტემბერს, წარმატებული პრეზენტაციით წარსდგნენ. 

პრეზენტაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროექტის - „შემოდგომის ლექციები თბილისში“ - გაგრძელებაა. 

ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის პროგრამის სტუდენტები იულიხის კვლევით ცენტრშიაღსანიშნავია, რომ „საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის“ კონცეფციის ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის იულიხის სამეცნირო-კვლევითი ცენტრი ყოველწლიურად „ქართულ-გერმანულ სკოლას“ და „შემოდგომის ლექციებს“ ატარებს.

პროექტში საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმის (სტუ, თსუ, ილიაუნი და აგრიუნი) წარმატებული სტუდენტები მონაწილეობენ.

8-15 სექტემბერს, „საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის“ კონცეფციის ფარგლებში იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში QUALI-Start-Up-2 ლექციების კურსი ჩატარდა. პროექტის ხელმძღვანელია ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი ქეთევან კოტეტიშვილი. 

პროექტის მონაწილეები კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ იმ 112 სტუდენტს შორის, რომელებმაც საკონკურსო  განაცხადი შეიტანეს. პირველი ეტაპის კონკურსი საქართველოს უნივერსიტეტებში ჩატარდა.  კონკურსის მეორე ეტაპისათვის, შერჩეული 56 აპლიკანტის დოკუმენტაცია გერმანიაში გაიგზავნა, სადაც საბოლოოდ, იულიხის სამეცნირო-კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს კომისიამ 28 მონაწილე სტუდენტი გამოავლინა.

ლექციების კურსი იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ჰანს შტროერმა საზეიმოდ გახსნა. 

ლექციების კურსს საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმის (სტუ, თსუ, ილიაუნი და აგრიუნი) 28-ვე შერჩეული სტუდენტი  დაესწრო. მათ ლექციებს უკითხავდნენ იულიხის კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის (IKP) დირექტორი - პროფ. ჰანს შტროერი,  ნეირომეცნიერებისა და მედიცინის (INM-5) ინსტიტუტის დირექტორი - პროფ ბერნ ნოიმაიერი, ნეირომეცნიერებისა და მედიცინის (INM-4) ინსტიტუტის დირექტორი - პროფ. ჯონ შა,  ენერგიისა და კლიმატის ინსტიტუტის (IEK) დირექტორები - პროფ. ანდრეას ვანერი და პროფ. ასტრიდ კლენდერ-შარ, ელექტრონიკისა და ელექტროინჟინერიის ინსტიტუტის (ZEA) დირექტორები - პროფ. გჰალებ ნატუა და პროფ. სტეფან ვაზენი, ნანოტექნოლოგიების ინსტიტუტის (PGI) და კვლევითი ცენტრის თანამშრომლები: პროფ. დეტლევ გოტა, დოქტორები - მარკუს ბუშერი, ანდრო კაჭარავა, ირაკლი ქეშელაშვილი, მანუელ ანგსტი, ეზეკიელ ფარერი და სხვები. პროექტში, მენტორების რანგში ჩართულები იყვენენ ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის პროგრამის დოქტორანტები: თამარ ხეჩიაშვილი, მიხეილ კელენჯერიძე და ანა გოგიშვილი. 

ლექციების კურსის პარალელურად, სტუდენტებმა პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს და იმ მოთხოვნებს გაეცნენ, რომლებიც აუცილებლია სწავლისა და კვლევის გასაგრძელებლად, როგორც იულიხის ცენტრში, ასევე აახენისა (RWTH Aachen) და კიოლნის (Cologne) უნივერისტეტებში. 

კურსის დასასრულ კი, სამიზნე ჯგუფებმა (ბირთვული ფიზიკა, ნეირომედიცინა, ფიზიკური ქიმია, ქიმია და ელექტრონიკა)  შემაჯამებელი პრეზენტაციები წარმოადგინეს. ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.   

ცნობისათვის, პროექტს - „საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდი“ - „შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი“ და იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აფინანსებს. 

 

სიახლეებში დაბრუნება