დიდი ჯიხაიშის პროფესიული კოლეჯი სტუდენტების მისაღებად მზადაა

დიდი ჯიხაიშის პროფესიული კოლეჯი სტუდენტების მისაღებად მზადაა

24-07-2019


დიდი ჯიხაიშის პროფესიული კოლეჯი სტუდენტების მისაღებად მზადაადიდი ჯიხაიშის პროფესიული კოლეჯი 2019-2020 სასწავლო წელს ახალი პროგრამით და განახლებული ინფრასტრუქტურით იწყებს. კოლეჯი, რომელიც წელს, 80 სტუდენტს მიიღებს სახელმწიფო აფინანსებს და ორწლიანია. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მევენახე-მებაღის, მეფუტკრის, ბუღალტრის და აიტი სპეციალისტის პროფესიას დაეუფლონ.
„პროფესიულმა კოლეჯმა შარშან ავტორიზაცია გაიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ სასწავლო პროცესისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა უკვე არსებობს. თუმცა, არის პრობლემებიც. შენობა ოთხსართულიანია, მეოთხე სართულის ათვისება ვერ ხერხდება, პირველი-მეორე სართული კი, სასწავლო პროცესთან სრულ შესაბამისობაშია“ – აცხადებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი გიგა ქვარცხავა.
ისტორიიდან:
სამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაიშში დიდი ქართველი მოაზროვნის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის თაოსნობით1925 წლის ოქტომბერში გაიხსნა, რომელიც 1930 წლის ოქტომბერში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმად გადაკეთდა. 1966 წლიდან საყრდენ-საჩვენებელ და საბაზო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმად, 1993 წელს კი, აგრარულ-ეკონომიკურ კოლეჯად, ხოლო 2007 წელს პროფესიული სწავლების ცენტრად. აღსანიშნავია, რომ 1934 წლიდან ხუთი ათეული წლის მანძილზე ტექნიკუმს სათავეში პოლიკარპე მიქაძე ედგა. სასწავლებლის საქმიანობის განუყოფელ ნაწილად სპორტი ითვლებოდა. აქ აღიზარდნენ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში ვახტანგ ბალავაძე და ევროპის ჩემპიონი ძიუდოში ჯიბილო ნიჟარაძე. ბოლო ათწლეულის მანძილზე სასწავლებლის, რაიონის და რეგიონის სავიზიტო ბარათს საქართველოს ათგზის ჩემპიონი, ევროპის კონფედერაციის თასის გათამაშების ორგზის მონაწილე, სომხეთში ორ საერთშორისო ტურნირში გამარჯვებული ფრენბურთელ ქალთა გუნდი „ჯიკო“ წარმოადგენს. 2010 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 18 ერთეულით შეამცირა (მხოლოდ იმერეთის რეგიონში ხუთიდან ოთხი) პროფესიული სასწავლებლების რაოდენობა. ლიკვიდაციის შემდეგ სასწავლებელთან არსებულ 51 ჰა-დან მიწის ფართობის 20 ჰა-ზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოეწყო თანამედროვე ტექნიკითა და საირიგაციო სისტემით აღჭურვილი სადემონსტრაციო ნაკვეთი და სოფლის მეურნეობის კორპორაციას გადაეცა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის არჩილ ფრანგიშვილისა და მისი თანამოაზრეების ინიციატივით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გადაეცა ლიკვიდირებული სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ტექნიკურმა უნივერსიტეტმა თავის სტრუქტურაში დააფუძნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის დიდი ჯიხაიშის ნიკო ნიკოლაძის სახელობის
აგრო ინჟინერიისა და სასურსათო ტექნოლოგიების პროფესიული კოლეჯი.

2013 წელს გაეროს განვითარების პროგრამის „უნარების განვითარება სასოფლო-სამეურნეო მანქანებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით“ ფარგლებში, საქართველოში გაეროს წარმომადგენლის მოადგილესა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს შორის 2013 წლის 10 იანვარს ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, სტუ-ს დიდი ჯიხაიშის პროფესიულ კოლეჯში ტრაქტორისტ-მემანქანის გადამზადების კურსები 146 მსმენელმა გაიარა. აღსანიშნავია, რომ სტუ-ს დიდი ჯიხაიშის კოლეჯის ბაზაზე მომზადებული მსმენელების მიერ მართვის მოწმობის მიღების მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2015 წლის 20 მარტის N1471 დადგენილების საფუძველზე დიდი ჯიხაიშის ნ. ნიკოლაძის სახელობის აგროინჟინერიისა და სასურსათო ტექნოლოგიების პროფესიული კოლეჯი გამოეყო სტუ-ის სატრანსპორტო და მანქანთმშენებლობის ფაკულტეტს და გადავიდა სტუ-ის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტრუქტურაში.

რა სიახლეებს სთავაზობს საქართველოს ტენქიკური უნივერსიტეტი და დიდი ჯიხაიშის პროფესიული კოლეჯი აბიტურიენტებს? ახალი პროგრამები და ახალი პერსპექტივებირა გაკეთდა და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ დიდი ქართველის ნიკო ნიკოლაძის მიერ დაარსებულ კოლეჯს პირვანდელი ფუნქცია დაუბრუნდეს. ამ და სხვა თემებზეპროგრესნიუსსესაუბრება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი გიგა ქვარცხავა.
-დიდი ჯიხაიშის პროფესიული კოლეჯი რამდენიმე წელიწადში 100 წლის ხდება. მოგეხსენებათ, ეს იყო ერთ-ერთი წარმატებული პროფესიული სასწავლებელი. სამწუხაროდ, არაკომპეტენტური დამოკიდებულების გამო, კოლეჯი ამჟამად გადარჩენისთვის იბრძვის. დღეს, საუბრობენ კოლეჯის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე. ინფრასტრუქტურა კი, საკმაოდ შთამბეჭდავია. აქ არის სტუდენტებისათვის საცხოვრებელი ნაგებობები, სასწავლო კორპუსი, მიწის ნაკვეთები, თეატრი, სპორტული დარბაზი, სტუდენტების საცხოვრებელი კორპუსის გარდა, არის მასწავლებლებისათვის საცხოვრებელი კორპუსი. ტერიტორია, დაახლოებით 27 ჰექტარია, აქედან 16 ჰექტარი საცდელი მეურნეობაა. წინასწარი გათვლებით სრულ რეაბილიტაციას 15-დან 20 მილიონ ლარამდე დასჭირდება.
– ეს ძალიან დიდი თანხაა.
-დიახ. იმ პირობებში რაც ჩვენ დღეს გვაქვს, შეუძლებელია სრული რეაბილიტაცია. არამცთუ, ფაკულტეტს, უნივერსიტეტსაც კი არ აქვს 15-20 მილიონი, ამიტომ აუცილებელია სახელმწიფო დაგვეხმაროს რეაბილიტაციაში. ამჟამად, ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ შენარჩუნებულია და გვაძლევს საშუალებას, რომ ყოველწლიურად 600-650 სტუდენტი მივიღოთ, რაც საშუალებას მოგვცემს რომ დასავლეთ საქართველოში ჯიხაიშის კოლეჯი ყველაზე დიდი კერა გახდეს, პროფესიული განათლებისა და გადამზადების მიმართულებით. ოთხმა პროგრამამ : მევენახე-მებაღე, მეფუტკრე, აიტი სპეციალისტი და ბუღალტერიამ აკრედიტაციის პროცესი გაიარა. ორი აგრარული მიმართულებაა, ორი ზოგადი. ვფიქრობ, რომ კოლეჯის განვითარებისთვის აუცილებელია არა მხოლოდ აგრარული მიმართულებები, არამედ ზოგადიც. მეოთხე წელია კოლეჯი ფაკულტეტის შემადგენლობაშია და ფაკულტეტის ბიუჯეტიდან საკმაოდ დიდი თანხა იხარჯება მის განვითარებაში. ჩვენ მივიჩნევთ, რომ უნდა შევინარჩუნოთ და განვავითაროთ კოლეჯი, სანამ სრული რეაბილიტაციისთვის თანხას მოვიპოვებთ.
– რაც ეხება სწავლის საფასურს?
– სწავლა, როგორც ყველა პროფესიულ სასწავლებელში, აქაც დაფინანსებულია.
– რა გამოცდები უნდა ჩააბაროს მსურველმა, რომ კოლეჯში სწავლა დაიწყოს?
– გამოცდების ჩატარების პროცესს უნივერსიტეტი არ არეგულირებს.
– რა მდგომარეობაშია მიწის ის ნაკვეთები, რომელიც კოლეჯის საკუთრება იყო?
– დაახლოებით 10-11 წლის წინ, იჟამინდელმა მთავრობამ პროფესიული სასწავლებელი გააუქმა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადასცა. 2012 წლის შემდეგ ეს ნაკვეთი სამეცნიერო-კვლევით ცენტრს გადაეცა. ამჟამად, მიწის ნაკვეთზე სხვადასხვა კულტურები, სხვადასხვა მცენარეებია დათესილი, მათ შორის ვენახიცაა გაშენებული, წვეთოვანი სისტემებით. ჩვენ ცენტრთან გვაქვს ხელშეკრულება და იმ პირობებში, როცა, სამწუხაროდ, ფაკულტეტს აღარ აქვს საცდელი ნაკვეთები, ჩვენი მაგისტრები და დოქტორანტები ჩასატარებელ კვლევებისთვის სწორედ მათ ბაზებს იყენებენ. დარჩენილი, დაახლოებით 30 ჰექტარი ტერიტორია კი, უნივერსიტეტის შემადგენლობაში შედის, ამ 30 ჰექტარიდან 11-12 ჰექტარზე სასწავლო პროცესი მიდის, სასწავლო კორპუსიდან მოშორებით, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაა გადმოცემის ეტაპზე გაველურებული იყო, აქ გარეული ცხოველები ბინადრობდნენ, განსაკუთრებით ტურა. ასევე იყო, ქვეწარმავლებიც.

ამოვძირკვეთ გაველურებული ჩაის ბუჩქები, გავასუფთავეთ, მოვაწესრიგეთ ტერიტორია. ყოველ წელს გარკვეული ტიპის სამუშაოებს ვატარებთ, რომ ისევ არ დაიწყოს გაველურება. რადგან მევენახის სპეციალობა გვაქვს, ვფიქრობთ, მომავალში გარკვეული კულტურების მოყვანა დავიწყოთ, რაც როგორც უნივერსიტეტს და კოლეჯს, ასევე ჩვენს ქვეყანას წაადგება. ამჟამად, სასწავლებელი არის დოტაციური, ასეთ შემთხვევაში კოლეჯი პირიქით, შემომტანი გახდება. ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი მიზანია დოტაციურიდან პირიქით მომგებიანი გავხადოთ.
– სრული რეაბილიტაციის შემთხვევაში ძალიან საინტერესო შედეგს მიაღწევდით.
– გეთანხმებით. სამწუხაროდ, სრულ რეაბილიტაციას ჩვენ ჩვენივე სახსრებით ვერასდროს შევძლებთ. თუ, ახლა არ მივხედეთ 10 წლის შემდეგ იქ აღარაფერი იქნება, ზუსტად ახლაა დიდი ჯიხაიშის პროფესიული კოლეჯის რეაბილიტაციის დაწყება აუცილებელი. თუ რა თქმა უნდა, სახელმწიფო ფიქრობს, რომ განავითაროს პროფესიული სწავლება. ეს არის ნიკო ნიკოლაძის აშენებული სასწავლებელი და ნიკო ნიკოლაძის მსგავსი ადამიანი ქართულ ისტორიას ბევრი არ ჰყოლია, თავისი ღვაწლით ილია ჭავჭავაძეს თუ შეადარებ. ნიკოლაძეს არა ნაკლები აქვს გაკეთებული ჩვენი სამშობლოსთვის. ის, თავის დროზე დადიოდა მსოფლიოს მასშტაბით და ფიქრობდა თავისი ქვეყნისთვის რა გაეკეთებინა. კოლეჯი თავისუფლად შეიძლება გახდეს იმერეთის და მიმდებარე რეგიონის პროფესიული განათლების ცენტრი. შეიძლება თავისუფლად გახდეს სასოფლო-სამეურნეო მიმართულების პროფესიული განათლების სასწავლო ცენტრად, არის ამის პოტენციალი. თუ ეს გაკეთდება, წარმოგიდგენიათ როგორ შეცვლის ჯიხაიშს, რეგიონს – მეორე სიცოცხლეს შეიძენს. პროექტიც მზად არის, მთავარია ნება.


 

სიახლეებში დაბრუნება