ტექნიკურ უნივერსიტეტში ჯუმბერ ლეჟავას დაბადებიდან 80 წლის იუბილე აღინიშნა

ტექნიკურ უნივერსიტეტში ჯუმბერ ლეჟავას დაბადებიდან 80 წლის იუბილე აღინიშნა

24-07-2019
ტექნიკურ უნივერსიტეტში ჯუმბერ ლეჟავას დაბადებიდან 80 წლის იუბილე აღინიშნაცნობილ ქართველ სპორტსმენს, მოგზაურსა და რეკორდსმენს ჯუმბერ ლეჟავას დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა. იუბილის აღსანიშნავად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის, ინტერსდისციპლინური ინფორმატიკის დეპარტამენტში ჯუმბერ ლეჟავას სახელობის მუზეუმი და სტუდენტური ბიბლიოთეკა გაიხსნა.
ბიბლიოთეკა ამავე ფაკულტეტის მე-8 კორპუსის, მე-3 სართულზე, 318 -ე „ბ“ ოთახში განთავსდა.
ჯუმბერ ლეჟავა მეგობრებმა და სტუდენტებმა გაიხსენეს:
„ ამ ოთახში მსოფლიო მოქალაქე, დიდი მოგზაური ჯუმბერ ლეჟავა ცხოვრობდა. ის ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტი იყო და როცა უზარმაზარი გამოთვლითი ცენტრის ხელმძღვანელი გახდა, არც მაშინ შეუწყვეტია ჩვენთან ურთიერთობა. მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის არჩილ ფრანგიშვილის მხარდაჭერით და ჩვენი კათედრის გადაწყვეტილებით, სწორედ ეს პატარა ოთახი მივეცით ჯუმბერ ლეჟავას სამუშაოდ. აქ იყო დღე და ღამ, საწოლიც კი აქ ჰქონდა. გახსოვთ წლების მანძილზე ვერ გადაწყდა მისთვის ბინის საკითხი, აქ ჰქონდა მოწყობილი თავისი გარემო, ხშირად გვიანობამდე მუშაობდა და აქვე იძინებდა. ბოლო 12 წლის განმავლობაში, რა სამუშაოებსაც ის ასრულებდა, ამ ოთახში აქვს ჩატარებული. სწორედ ამის გამო, გადავწყვიტეთ მოგვეწყო პატარა მუზეუმი, იგივე პრინციპით, რა პრინციპიც ჯუმბერს ჰქონდა - „არავისგან ჭირდებოდა არაფერი, ის თავად აკეთებდა ყველაფერს“ - განაცხადა ღონისძიებაზე ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა ზურაბ წვერაიძემ.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით პროფესორ მერაბ ახობაძემაც მიმართა:
 „პირველ რიგში მნიშვნელოვანი არის ის, რომ დღევანდელ ღონისძიებაში სტუდენტები იყვნენ ჩართული, რომლებმაც უანგაროდ გააკეთეს ყველაფერი. მუზეუმის დაარსების იდეა არის ის რომ, ახაგაზრდებმა უნდა იცოდნენ ვინ იყო ჯუმბერ ლეჟავა და რა დაუტოვა მან შთამომავლობას, როგორ შრომობდა და რა ვითარებაში უხდებოდა ცნობილ მოგზაურს ცხოვრება. ჩვენ სტუდენტების დახმარებით მოვიძიეთ ველოსიპედი, რომლითაც ჯუმბერ ლეჟავა გადაადგილდებოდა და მას მუზეუმში განსაკუთრებული ადგილი მივუჩინეთ. მადლობა კიდევ ერთხელ დამსწრე საზოგადოებას, რომ კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ჯუმბერ ლეჟავა“ - განაცხადა მერაბ ახობაძემ.
ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტებმა სტუმრებს ჯუმბერ ლეჟავას ოფიციალური საიტის პრეზენტაცია წარუდგინეს, რომელიც მათ ცნობილი მეგზაურის საპატივცემოდ შექმნეს.
ბიბლიოთეკაში მოსულ დამთვალიერებლებს შეუძლიათ იხილონ ცნობილი მეგზაურის ის სამუშაო გარემო, სადაც მან ბოლო წლების განმავლობაში უამრავი პროექტი განახორციელა, დაწერა და გამოსცა ჟურნალ „მოგზაურის“ სერიები, სადაც ასახულია მისი მსოფლიოს გარშემო ველოსიპედით მოგზაურობიდან მოგონებები და შთაბეჭდილებები. ბავშვებისთვის ზღაპრების წიგნი „ჯუბა ბაბუს ზღაპრები“ და სხვა.
ჯუმბერ ლეჟავა ბოლო წლებში იყო ინტერდისციპლინური ინფორმატიკის დეპარტამენტის ლაბორატორიის გამგე. მუზეუმში წარმოდგენილია მოგზაურობის მარშუტების რუკები, მისი პირადი ნივთები: ველოსიპედები, დიპლომები, სიგელები, წიგნები, ნახატები და სხვა. სტუდენტურ ბიბლიოთეკაში განთავსებულია რამდენიმე კომპიუტერი, რომლებზეც მუშაობა შეუძლიათ სტუდენტებს და მათთვის სასურველი ინფორმაციის ამობეჭდვა. ბიბლიოთეკის თანამშრომლები სტუდენტებს დაეხმარებიან ინტერაქტიული ვებსისტემის, ლექტორი-სტუდენტის“ ათვისებაში, მომავალში იგეგმება ბიბლიოთეკის ყველა საჭირო წიგნით აღჭურვა.
ცნობისათვის: ჯუმბერ ლეჟავა 1939 წლის 23 ივლისს ქალაქ თბილისში დაიბადა. მან 1966 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის სპეციალობით. 1987 წელს მძიმე ოპერაციის შემდეგ ვარჯიშების საკუთარი სისტემა შეიმუშავა. 1990-1992 წლებში დაამყარა მსოფლიო და გინესის რეკორდები ჰორიზონტალური მდგომარეობიდან მკლავებზე აზიდვებში (რამდენიმე გაუმჯობესებით, უკანასკნელად 2001 წ.). 1993 წლის 13 აგვისტოდან 2003 წლის 3 ნოემბრამდე ველოსიპედით იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო: 3333 დღის განმავლობაში გადალახა აზიის, ავსტრალია-ოკეანეთის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ევროპისა და აფრიკის 234 ქვეყანა და დამოკიდებული ტერიტორია, 2-ჯერ ეწვია ანტარქტიდას; გადაიღო 50.000-ზე მეტი ფოტო-კადრი და 200 სთ-ზე მეტი ვიდეო ფირი; შექმნა მოგზაურობის 7.000 გვერდიანი დღიური.
ჯუმბერ ლეჟავა 2014 წლის 25 ივლისს გარდიცვალა.

 

სიახლეებში დაბრუნება