საქართველო-შვედეთის ურთიერთობები - საქართველოს ევროპული მომავალი - შვედეთის ელჩის საჯარო ლექცია ტექნიკურ უნივერსიტეტში

საქართველო-შვედეთის ურთიერთობები - საქართველოს ევროპული მომავალი - შვედეთის ელჩის საჯარო ლექცია ტექნიკურ უნივერსიტეტში

16-05-2019

„მაქვს პატივი ვიცხოვრო და ვიმუშავო ისეთ ქვეყანაში როგორიც საქართველოა“, - განაცხადა შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ულრიკ ტიდესტრომმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას.

 

ტექნიკური  უნივერისტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით, შვედეთის ელჩმა ულრიკ ტიდესტრომმა სტუდენტებისთვის ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „საქართველო-შვედეთის ურთიერთობები - საქართველოს ევროპული მომავალი“.

 

„მიხარია, რომ საქართველოში ყოველწლიურად იზრდება შვედი ტურისტების  რიცხვი. ეს არის მშვენიერი ქვეყანა, სადაც მაქვს პატივი ვიცხოვრო და ვიმუშავო. შვედეთიდან ტურისტების ოდენობა 20%-ით იზრდება ყოველწლიურად და ასევე, უფრო მეტი ქართველი მიემგზავრება შვედეთში სასწავლებლად. ჩვენ  კულტურული გაცვლითი პროგრამები გვაქვს.

უვიზო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეებს არა მხოლოდ შვედეთში, არამედ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ჩასვლა გაუადვილა. ვფიქრობ, რომ უვიზო რეჟიმი ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები  მიღწევაა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. რა თქმა უნდა, უვიზო რეჟიმს ახლავს გარკვეული პასუხისმგებლობა და მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი, რასაც მივაღწიეთ, არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რომლის ფუნდამეტი ადამიანებს შორის კონტაქტია.


ვსაუბრობთ და ვფიქრობთ ჩვენს ევროპულ მომავალსა და პარტნიორობაზე და როცა  ვსაუბრობთ ამ მნიშვნელოვან პარტნიორობაზე, მინდა რამდენიმე მომენტს გავუსვა ხაზი:

პირველი - ეს არის, ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და შვედეთს შორის. ვფიქრობ, მომავალში უნდა ვიყოთ კონცენტრირებული ჩვენს საერთო ღირებულებებზე, რომელსაც ჩვენ ყველანი ვიზიარებთ. ერთმანეთს უნდა დავუჭიროთ მხარი და დავეხმაროთ დემოგრაფიის, ადამიანის უფლებებისა და მართლწესრიგის დაცვის საქმეში“, -  განაცხადა შვედეთი ელჩმა.


ულრიკ ტიდესტრომის თქმით, არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს სწორხაზოვანი განვითარება. მისი შეფასებით, რეფორმები მარათონია და ამ პროცესში ქვეყნებს ერთმანეთის წინაშე გრძელვადიანი ვალდებულებები აკავშირებს.


„რეფორმების სურვილი ერთია და სხვა საკითხია მათი განხორციელება. ამიტომ აღმოსავლეთის ქვეყნებს უნდა შევთავაზოთ მეტი დახმარება, მეტი მხარდაჭერა. ჩვენ ერთად უნდა ვიღწვოდეთ ცვლილებების განსახორციელებლად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ ახალგაზრდობას, ასევე ქალისა და მამაკაცის თანასწორობას“, - აღნიშნა  ულრიკ ტიდესტრომმა.


შვედეთის ელჩმა საქართველო-შვედეთის ურთიერთობებს შორის ერთ-ერთ მთავარ საკითხზე - ვაჭრობასა და ინვესტიციებზე გაამახვილა ყურადღება.

„ვფიქრობ, ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობის განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს, ასევე, დიდი პოტენციალია ინვესტიციების განხორციელების მხრივ. საქართველოში ბევრმა შვედურმა კომპანიამ დაიმკვიდრა ადგილი. ისინი სხვადასხვა სფეროში მუშაობენ, ქმნიან სამუშაო ადგილებს და რა თქმა უნდა, ვცდილობ კიდევ უფრო მეტად შევუწყო ხელი ბიზნესებს შორის საქმიან ურთიერთობებს“, - განაცხადა ელჩმა.

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა ირაკლი გაბისონიამ შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის სტუდენტებთან შეხვედრას მრავალმხრივ მნიშვნელოვანი უწოდა.


აღსანიშნავია, რომ სტუ-ის  სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი მსგავსი ტიპის შეხვედრებს ხშირად აწყობს და საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებთან ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს.

 

სიახლეებში დაბრუნება