ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „ყაზტრანგაზ-თბილისს“ შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიწყო

ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „ყაზტრანგაზ-თბილისს“ შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიწყო

30-03-2019 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის ინიციატივით, ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ შორის ორი სახის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტებს ხელი მოაწერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა - აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა და  „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალურმა მმართველმა - გიგლა თამაზაშვილმა. 

სოციალურ საკითხთა, სპორტისა  და კულტურის დეპარტამენტის უფროსის - გიორგი კულდონაშვილის განცხადებით, პირველი მემორანდუმი ითვალისწინებს სამშენებლო, სამთო-გეოლოგიური და ენერგეტიკის ფაკულტეტების წარჩინებული სტუდენტების პრაქტიკას, სტაჟირებასა და დასაქმებას კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისში“. მისი თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია მეორე მემორანდუმის საგანი.

„მეორე მემორანდუმი ეხება პროფესიონალებით დაკომპლექტებული მოხალისეების ერთობლივი მობილური ჯგუფების შექმნას. ეს ჯგუფები, ქალაქის მასშტაბით გავლენ ადგილებზე, იმუშავებენ საველე პირობებში, შეამოწმებენ არსებულ მდგომარეობას, რაც იმას ნიშნავს, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესიული პრაქტიკის გავლასთან ერთად, თბილისის მაცხოვრებლებსაც  დაეხმარებიან. ჯგუფები მხოლოდ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებისგან იქნება დაკომპლექტებული“, - აღნიშნა გიორგი კულდონაშვილმა. 

აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკის დარგში, კერძოდ კი ბუნებრივი გაზის სექტორში მოქმედ სპეციალისტებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამი ფაკულტეტი ამზადებს, ისევე, როგორც - საქართველოს რკინიგზისა და სხვა მსხვილი კომპანიებისთვის. ტექნიკურ უნივერსიტეტს, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, შემუშავებული აქვს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები, გაიცემა შესაბამისი საერთაშორისო სერთიფიკატები. 

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა - არჩილ ფრანგიშვილმა განაცხადა,  მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს, რომ ის სპეციალობა, პროფესია, რომელსაც ისინი უნივერსიტეტში ეუფლებიან, დაფასებულია. მისი თქმით, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ სამიზნე ადგილები, სადაც სამომავლოდ დასაქმდებიან და პროფესიულ ფუნქციებს შეასრულებენ. 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტუდენტების პრაქტიკა, სტაჟირება, კვალიფიკაციის ამაღლება. ვფიქრობთ, რომ სადიპლომო და საკურსო სამუშაოები უნდა შესრულდეს სწორედ კომპანიის, კონკრეტულ შემთხვევაში კი, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ დაკვეთით, იმ მიზნით, რომ სტუდენტური პროექტები და მასთან დაკავშირებული სამუშაოები მაქსიმალურად იყოს მიახლოებული რეალობასთან. კომპანიამ კი  უნდა შეძლოს ამ ნაშრომების პრაქტიკაში გამოყენება ტრანსფორმაციების გარეშე. 
ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, ყველა საწარმო, მით უმეტეს ისეთი მასშტაბის, როგორიც „ყაზტრანსგაზ-თბილისია“, ვალდებულია გადაამზადოს თავისი თანამშრომლები შრომის უსაფრთხოების კუთხით. დღეს ეს პრობლემა დგას საქართველოში. ჩვენ ვიცოდით, რომ ადრე თუ გვიან, მსგავსი პრობლემა თავს იჩენდა. ამიტომ, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, შევიმუშავეთ საერთაშორისო სტანდარტების პროგრამები, რომელთა გავლის შემდეგ, გაიცემა შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სერთიფიკატები. ჩვენ უკვე გადავამზადეთ საქართველოს რკინიგზისა და სხვა დიდი ორგანიზაციების თანამშრომლები. დროულია, მსგავსი ურთიერთობები თბილისის გაზგამანაწილებელ კომპანიასთანაც ჩამოყალიბდეს“,  - განაცხადა არჩილ ფრანგიშვილმა.

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალური მმართველის - გიგლა თამაზაშვილის განცხადებით,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის იყო და იქნება ტექნიკური დარგების სპეციალისტების სამჭედლო. მისი თქმით, სწორედ ამ კადრებმა უნდა ამუშაონ და მართონ კომპანიები, რომლებსაც საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში ღირებული წვლილი შეაქვთ. 
 
„მნიშვნელოვანია, რომ  ძირითადი მიმართულებები, სადაც კადრების სიმცირეს გაზგამანაწილებელი და მომეტებული საფრთხის შემცველი კომპანიები განიცდიან, სწორედ ის ფაკულტეტები და ის დისციპლინები, რაც ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტშია თავმოყრილი - აქ ხდება კადრების გადამზადება. როცა ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია აცხადებს, რომ მზად არის, ყველა წარმატებულმა სტუდენტმა სტაჟირება და საწარმოო პრაქტიკა მასთან გაიაროს, აჩვენოს, თუ რა ხდება რეალურ სივრცეში და იყოს მისი პოტენციური დამსაქმებელი - ეს მნიშვნელოვანია, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე კომპანიისთვისაც, რადგან ახალი, პროფესიონალი კადრები კომპანიის განვითარების ხერხემალია“, - განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.

 

სიახლეებში დაბრუნება