ქალთა საერთშორისო დღე

ქალთა საერთშორისო დღე

11-03-2019 8 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის წევრებმა სტუ-ს ერთ-ერთ გამორჩეულ ქალბატონს მარინე ჯიქიას ქალთა საერთშორისო დღე მიულოცეს.

ქალბატონი მარინე ჯიქიას მოღვაწეობა რამდენიმე ათეული წელი ტექნიკურ უნივერსიტეტთან იყო დაკავშირებული. ის რუსული ენის კათედრის წარმატებული პედაგოგი და ამავე დროს, ქართული ლიტერატურული თეატრის „ოქროს საწმისის“ სამხატვრო ხელმძღვანელი გახლდათ.

„გალაკტიონი“, „რუსთაველი“, „ტიციან ტაბიძე“, „ალექსანდრე ბლოკი“, „თამარიანი“, „ილია ჭავჭავაძე“, „ანდრეი ბელი“, „ანაობა“, „ესენინი“, „დიდოსტატი  კონსტანტინე“, „ანა კალანდაძე“, „ელენე ახვლედიანი“, „ირაკლი აბაშიძე“ - აი, არასრული ნუსხა მის მიერ შექმნილი შესანიშნავი სპექტაკლებისა, მის მიერვე დაარსებულ ლიტერატურულ თეატრ „ოქროს საწმისში“. საოცარი ტაქტითა და რუდუნებით იკრებდა გარშემო მწერლებს, მსახიობებს, მხატვრებს, მოდელიორებს, დეკორატორებს, კომპოზიტორებს, მაყურებელსაც კი და ქმნიდა ესთეტიკურად სრულსა და მხატვრული ღირებულებით გაჯერებულ სპექტაკლებს.

ქალთა ასოციაციის წევრებმა მადლობა გადაუხადეს ამაგდარ ქალბატონს მის მიერ გაწეული ღვაწლისათვის, იმ დიდი წვლილისათვის, რომელიც მან  შეიტანა ტექნიკური უნივერსიტეტის მატეანეში.

 

სიახლეებში დაბრუნება