პროექტი „მე ვირჩევ ჩემს მომავალს“

პროექტი „მე ვირჩევ ჩემს მომავალს“

08-03-2019 6 მარტს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA – Drug Enforcement Administration) სპეციალურმა აგენტმა როკო ჰერონმა საქრთველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს პროექტი - „მე ვირჩევ ჩემს მომავალს“ წარუდგინა და ნარკოტიკების მოხმარების შემცირების პოლიტიკასთან ერთად, მისი გამოყენების უარყოფით შედეგებზე ესაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გამოყენების შემთხვევებზე, მასთან დაკავშირებულ დაავადებებზე, დანგრეულ ოჯახებსა და ძალადობაზე.
 
„ჰეროინის მომხმარებელმა ახალგაზრდა წყვილმა, მანქანაში, სადაც მძღოლი მამაკაცის შვილიც იჯდა, ბავშვის თვალწინ გაიკეთეს ნარკოტიკი და დაიწყეს მანქანით მოძრაობა ქალაქში. ამ დროს ქალმა იგრძნო, რომ ზედოზირებისგან კვდებოდა. მამაკაცი პანიკაში ჩავარდა, ცდილობდა მაქსიმალურად სწრაფად მიეყვანა ქალი კლინიკაში. ასეთ ვითარებაში მასაც დაეწყო ზედმეტი დოზის მოქმედება და მანქანის ტარების დროს გარდაიცვალა. როდესაც ეს ინფორმაცია გავრცელდა, პრესამ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ბავშვის სახე იყო დაფარული. ძალიან მინდოდა მენახა ბავშვის სახე, ვიპოვე ფოტოს დედანი და ჩემდა სამწუხაროდ, აღმოვაჩინე, რომ ბავშვს იმ დროს, როდესაც ორი ადამიანი მის თვალწინ კვდებოდა,  სახეზე არანაირი ემოცია არ ეწერა. მიუხედავად იმისა, რომ 4 წლის ბავშვი,  ხედავს გარდაცვლილებს, მას არანაირი რეაქცია არა აქვს, რადგან ამ პატარა ადამიანის ფსიქიკა უკვე დანგრეულია მამამისის არჩევანის გამო, ის ყოველ დღე ხედავდა ამ კოშმარს“, - ასე დაიწყო ტექნიკურ უნივერსიტეტში თავისი საჯარო ლექცია როკო ჰერონმა. 

მისი თქმით, შედარებისთვის, გასულ საუკუნეში, შეერთებულმა შტატებმა 19-წლიანი ომების შედეგად, 634 ათსი ადამიანი დაკარგა, ხოლო ბოლო 19 წლის მანძილზე, ზედოზირების შედეგად, 740 ათასი ადამიანი გარდაიცვალა და  თუ მსგავსი სურათი შენარჩუნდება, მომდევნო 10 წლის განმავლობაში აშშ-ში მილიონამდე ადამიანი დაიღუპება. 

„სამწუხაროდ, ცუდ თემაზე მიწევს საუბარი, რაც აშშ-ში საზოგადოებას ძალიან აწუხებს. არ მინდა დავიჯერო, რომ მსგავსი პრობლემები საქართველოშიც არსებობს. მაგრამ თუ იქნებით ინფორმირებული, დარწმუნებული ვარ, შეძლებთ ამ კატასტროფის თავიდან აცილებას. მთავარია, ახალგაზრდები დაფიქრდნენ არჩევანის გაკეთებისას. მარიხუანა ჩვენთანაც, ლეგალიზებულია, სწორედ ისე, როგორც თქვენთან მოხდა და ჩვენ გვიწევს მასთან ბრძოლა, გვიწევს იმ მოულოდნელ პრობლემებს გავართავათ თავი, რაც მარიხუანას ლეგალიზაციამ გამოიწვია. ნუ გგონიათ, რომ მარიხუანა მავნებელი არ არის. ის, რომ მარიხუანა თქვენ სერიოზულ ზიანს არ მოგაყენებთ, ეს უდიდესი ტყუილია. დაიმახსოვრეთ, ისეთი ტიპის ნარკოტიკი, როგორიცაა მარიხუანა, რა თქმა უნდა, არ მოგკლავთ, მაგრამ ის მთლიანად ჩაკლავს თქვენს მოტივაციასა და ადამიანურ ღირსებას“, -აღნიშნა როკო ჰერონმა. 

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის პროექტი - „მე ვირჩევ ჩემს მომავალს“ მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის სასარგებლო ინფორმაციის მიწოდებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. პროექტი ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 

სიახლეებში დაბრუნება