პროექტი PRINTeL - სწავლების ინოვაციურ მეთოდებთან დაკავშირებული სერტიფიცირებული ტრენინგ-კურსები

პროექტი PRINTeL - სწავლების ინოვაციურ მეთოდებთან დაკავშირებული სერტიფიცირებული ტრენინგ-კურსები

28-02-2019 4-30 მარტს, ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის PRINTeL პროექტის ფარგლებში, პროფესორ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების დამატებითი შესაძლებლობების შეთავაზების მიზნით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაგეგმილია სწავლების ინოვაციურ მეთოდებთან დაკავშირებული სერტიფიცირებული ტრენინგ-კურსების ჩატარება.

ტრენინგების მიზანია უნივერსიტეტში აკადემიური სწავლების ხარისხის გაზრდა; აკადემიური პერსონალის და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესაძლებლობების უზრუნველყოფა; აკადემიური პერსონალის შესაძლებლობების ზრდა  მათი ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლებისა და სწავლის, კომპეტენციებსა და კვლევაზე დაფუძნებული სწავლების განვითარებით; სწავლის შედეგების გაუმჯობესება.

ტრენინგები უფასოა და ქართულ ენაზე წარიმართება. ტრენინგების წარმატებით დასრულების შემდგომ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.

აღსანიშნავია, რომ PRINTeL პროექტის ფარგლებში, 2018 წლის სექტემბერში ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარებული კონკურსის საფუძველზე შეირჩა 11 აკადემიური პერსონალი, რომლებმაც შესაბამისი გადამზადება (ტრენერთა ტრენინგები - TOT) გაიარეს პროექტის კონსორციუმის წევრ პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში, კერძოდ: ლიუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი (ბელგია), ბარსელონის უნივერსიტეტი (ესპანეთი), პორტოს უნივერსიტეტი (პორტუგალია), ლინკოპინგის უნივერსიტეტი (შვედეთი) და გრაცის უნივერსიტეტი (ავსტრია).

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრი, სტუ-ს პროფესორ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან ერთად, აკადემიურ პერსონალს/სწავლებაში ჩართულ პირებს სთავაზობს  5 ტრენინგ-კურსს:

- ვიდეო სწავლება, როგორც სწავლების საშუალება მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის, ვიდეო ლექციების საკლასო ოთახში გამოყენებით

ტრენერები:
• ასოც. პროფ. დალი სეხნიაშვილი (საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიების და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი)
• ასოც. პროფ. ნათია ქოჩლაძე (არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი)
• პროფ. ნინო ჩხარტიშვილი (აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი)

აქტიური სწავლება საინფორმაციო/საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით

ტრენერები:
• ასისტ. პროფ. თამარ კუპრეიშვილი (საერთაშორისო ურთიერთობათა და სამართლის ფაკულტეტი)
• ასისტ. პროფ. დარეჯან ცუცქირიძე (საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიების და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი)

- აქტიური სწავლება შებრუნებული სწავლების პრინციპით

ტრენერები:
• ასოც. პროფ. მანუჩარ შიშინაშვილი (სამშენებლო ფაკულტეტი)
• ასოც. პროფ. ბორის გითოლენდია (სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი)

- ჰიბრიდული/შერეული სწავლა/სწავლება

ტრენერები:
• პროფ. ზაზა ცოტნიაშვილი (საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიების და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი)
• ასისტ. პროფ. ნინო ხოლუაშვილი (საერთაშორისო ურთიერთობათა და სამართლის ფაკულტეტი)

- გაძლიერებული სწავლება საინფორმაციო/საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით,  მობილური სწავლება  თამაშის ელემენტების გამოყენებით

ტრენერები:
• ასოც. პროფ. ნიკოლოზ აბზიანიძე (ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი)
• ასოც. პროფ. თამარ ლოლაძე (ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი)

ტრენინგებში მონაწილეობის მსურველებს შესაძლებლობა ეძლევათ, აირჩიონ სასურველი კურსი. მათ მოეთხოვებათ ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე; კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა და  კომპიუტერთან მუშაობის აცილებელი უნარ-ჩვევები. ტრენინგის მონაწილეებმა თან უნდა იქონიონ სმარტფონი/ლეპტოპი.

აღსანიშნავია, რომ პროექტი PRINTeL “ცვლილებები საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლებისა და სწავლის ხელის შეწყობა სტუდენტის სასწავლო გამოცდილების გასაუმჯობესებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში” (“Change in Classroom: Promoting Innovative Teaching & Learning to Enhance Student Learning Experience in Eastern Partnership Countries”) წარმოადგენს Erasmus+ KA2 აქტივობის საგრანტო ინსტიტუციური განვითარების პროექტს (No 585760-EPP-1-2017-1-AM-EPPKA2-CBHE-JP) და მიზნად ისახავს ინოვაციური სწავლისა და სწავლების მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უნივერსიტეტებში.

ასევე, პროექტის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს კონსორციუმის წევრი ქვეყნების მონაწილეობით შეიქმნას ელექტრონული სწავლების პორტალი (პლატფორმა), რომელიც დაეხმარება უნივერსიტეტებს განავითარონ ინოვაციური სწავლების სხვადასხვა მოდელები და ფორმები.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად აღნიშნული პროექტის კონსორციუმის წევრები არიან უნივერსიტეტები ესპანეთიდან, ბელგიიდან, ავსტრიიდან, შვედეთიდან, პორტუგალიიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და ბელორუსიიდან, ჯამში 14 უნივერსიტეტი.

პროექტში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვისაც სურვილი ექნება, აქტიურად ისარგებლოს პროექტის შედეგებით. დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი ინფორმაციისათვის შეუძლიათ მიმართონ სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურს, რომელიც არის PRINTeL პროექტის ინსტიტუციონალური კოორდინატორი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

PRINTeL პროექტთან (პროექტი PRINTeL - „ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლისა და სწავლების მხარდაჭერა სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის გააქტიურებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“) დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ PRINTeL პროექტის ოფიციალური ვებგვერდი და სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის ვებგვერდი.


 

სიახლეებში დაბრუნება