პროექტი InnoCENS - საქართველოს ეროვნული დისემინაციის სემინარი

პროექტი InnoCENS - საქართველოს ეროვნული დისემინაციის სემინარი

27-02-2019 18-19 თებერვალს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა Erasmus+ პროგრამის InnoCENS პროექტის „საქართველოს ეროვნული დისემინაციის სემინარს“, როგორც საქართველოში პროექტის ნაცონალურმა კოორდინატორმა.

სემინარის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ეროვნულ დონეზე პროექტის მიმდინარეობის შესახებ საანგარიშო პრეზენტაციების მოწყობა; მიმდინარე ეტაპზე პროექტის იმპლემენტაციასთან დაკავშირებული დეტალებისა და, ასევე, სხვა მიმდინარე საკითხების შესახებ მოხსენების წარმოდგენა და პროექტის შეფასების მიზნით შუალედური დასკვნების მომზადება.

საქართველოს ეროვნული დისემინაციის ორდღიანი სემინარის ფარგლებში შეხვედრები, ვორკშოფები და საანგარიშო პრეზენტაციები ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მოწვეულმა სტუმრებმა, მათ შორის პროექტის ხელმძღვანელმა, შვედეთის სამეფო უნივერსიტეტის პროფ. ხუან ფანმა; პროექტის კონსორციუმის  წევრი პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა ქალბატონმა ტარია აბერგმა (ფინეთის ტურკუს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი) და ისრაელ გრიოლ ბარესმა (ესპანეთის ვალენსიის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი). ევროპელმა სტუმრებმა პროექტის მიმდინარეობის შესახებ სამუშაო მიმართულებების მიხედვით წარმოადგინეს შესაბამისი პრეზენტაციები და მოხსენებები.

სემინარში, ასევე, მონაწილეობდნენ საქართველოს ერაზმუს+ ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი ქალბატონი ლიკა ღლონტი; InnoCENS პროექტის მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენელი საქართველოდან, საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი დავით სონღულაშვილი; როგორც პროექტის კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ღონისძიებას დაესწრნენ მოწვეული სტუმრები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან; ასევე, წარმომადგენლები სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან; სტუ-ს ადმინისტრაციული პერსონალი, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

სემინარზე, სტუ-ს ინოვაციების ცენტრის პროექტების მენეჯმენტის ჯგუფის მიერ პრეზენტაციის სახით წარმოდგენილი იქნა ვრცელი საანგარიშო შუალედური მოხსენება, რომელიც ეხებოდა ზოგადად ცენტრის საქმიანობასა და InnoCENS პროექტის ეგიდით მიმდინარე პერიოდამდე განხორციელებულ აქტივობებს.

ამასთან ერთად, აღნიშნულ სემინარზე დაანონსდა პროექტის დასკვნით ეტაპზე განსახორციელებელი ღონისძიებები, მათ შორის "სტუ-ს ინოვაციების კონკურსი", რომლის მიზანია სტუ-ში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისება, საუნივერსიტეტო გარემოში მეცნიერული კვლევის შედეგების კომერციალიზაციისადმი ინტერესის გაღვივება და იმ პირების დახმარება, რომლებსაც ინოვაციური პროექტის იდეები აქვთ, მაგრამ მათ განსახორციელებლად არ გააჩნიათ საკმარისი ნოუ-ჰაუ და ფინანსური საშუალებები.

ამავდროულად დაგეგმილია, რომ მომდევნო სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრიდან სტუ-ში საპილოტე რეჟიმში განხორციელდეს ახალი სასწავლო კურსი „ინოვაციური სისტემები“, რომელიც, ასევე, InnoCENS პროექტის ძირითადი ფაზით გათვალისწინებული აქტივობაა და მიზნად ისახავს საინჟინრო სპეციალობების სტუდენტებისათვის ინოვაციური და ტექნოლოგიური სიახლეებისა და შესაძლებლობების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებასა და გაცნობას.

სემინარის ფარგლებში პროექტის ხელმძღვანელისა და კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან, აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილთან. აღნიშნულ შეხვედრაზე განხილული იქნა პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები, სტუ-ს ინოვაციების ცენტრის საქმიანობა, პროექტის შემდგომი მდგრადობის  შესაძლებლობები და სხვა რიგი საკითხები.

აღსანიშნავია, რომ პროექტი InnoCENS (Enhacing Innovation Competences and Entrepreneurial Skills in Engineering Education) - „ინოვაციური კომპეტენციების და სამეწარმეო უნარების ამაღლება საინჟინრო განათლებაში“ - წარმოადგენს Erasmus+ KA2 აქტივობის საგრანტო ინსტიტუციური განვითარების პროექტს (573965-EPP-1-2016-1-SE-EPPKA2-CBHE-JP) და მიზნად ისახავს ინოვაციური 
კომპეტენციების და სამეწარმეო უნარების ამაღლებას საინჟინრო განათლებაში და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის ინსტიტუციურ კოორდინაციას ახორციელებს სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური და სტუ-ს ინოვაციების ცენტრის ეგიდით ტარდება, რომელიც აღნიშნული პროექტის ინსტიტუციური განვითარების კომპონენტის გათვალისწინებით ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით შეიქმნა.

 


 

სიახლეებში დაბრუნება